უკრაინა: უკვე 273 ირანული კამიკაძე დრონი Shahed-136 გავანადგურეთ
სექტემბრის შუა რიცხვებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 270-ზე მეტი ირანული კამიკაძე დრონი Shahed-136. ამის შესახებ 23 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
"დღეს, მას შემდეგ, რაც პირველად გამოიყენეს კამიკაძე დრონი, რომელიც კუპიანსკში, ხარკოვის ოლქში 13 სექტემბერს ჩამოაგდეს, ჩვენ უკვე ჩამოგდებული გვაქვს 273 Shahed-136... გასაგებია, რომ ზოგიერთი დრონი მიზანსაც მოხვდა", - განაცხადა მან.
იგნატმა აღნიშნა, რომ Shahed-136-ის გარდა, რუსი დამპყრობლები უკრაინაში Shahed-131-საც იყენებენ (ზომით უფრო მცირე). გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი Mohajer-6 ჩამოაგდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერის თქმით, არასწორია უკრაინისთვის ირანული უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდების ღირებულებისა და რუსეთის მიერ მათი შესყიდვის ღირებულების შედარება.
"ყველა დრონი, რომელიც მიფრინავს სამიზნეზე… გეგმავს მის განადგურებას… თუ ეს არის რაიმე სახის ინფრასტრუქტურის ობიექტი ან სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ობიექტი, სამხედრო თუ სამოქალაქო, მაშინ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სამიზნის ღირებულება, რომელსაც დრონი ააფეთქებს", - თქვა იგნატმა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული უპილოტო საფრენი აპარატებიც, Орлан-10-ები, მნიშვნელოვანი სამიზნეა, რადგან ისინი მტრის არტილერიასა და რაკეტებს კოორდინატებს რეალურ დროში აწვდიან.