ულტრამემარცხენე მელანშონი და მწვანეები საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციას კრავენ
ულტრამემარცხენე პოლიტიკოსი ჟან-ლუკ მელანშონი და მწვანეები საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციაში გაერთიანდნენ.
დაუმორჩილებელი საფრანგეთი და პარტია ევროპა ეკოლოგია მწვანეები (EELV) ივნისში დაგეგმილ ეროვნული ასამბლეის არჩევნებში ერთად იასპარეზებენ.
„ეს სახალხო ალიანსია საერთო პროგრამის გარშემო. ჩვენი მიზანი [საფრანგეთის [ერთობლივად] მართვაა“, - განაცხადა მანო ობრიმ, ევროპარლამენტარმა მელანშონის პარტიიდან.
დაუმორჩილებლებმა და მწვანეებმა გასულ თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, შესაბამისად, ხმათა 21.95 პროცენტი და 4.63 პროცენტი აიღეს.
მემარცხენე ბანაკის ორი პარტიის გაერთიანებას სავარაუდოდ ახალი სახალხო ეკოლოგიური და სოციალური კავშირი ერქმევა.
ულტრამემარცხენე მელანშონმა, რომელიც საპრეზიდენტო მარათონში ერთ-ერთ გავლენიან კონკურენტად ჩამოყალიბდა, აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობა სურს და ყველა მემარცხენე პარტიას მის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ფრანგული მედიის ცნობით, საარჩევნოდ ძალების გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ დროს წამყვან პარტია სოციალისტებთანაც, რომელთა ლიდერმა ან იდალგომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 1,8 პროცენტი მოაგროვა.