WP: ბახმუტის სანაცვლოდ პრიგოჟინი უკრაინას რუსეთის არმიის პოზიციებს სთავაზობდა

ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელი უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოს ЗСУ-ს ბახმუტიდან გასვლის სანაცვლოდ რუსეთის რეგულარული არმიის პოზიციების კოორდინატების გადაცემას სთავაზობდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post სოციალურ ქსელში გაჟონილ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ცნობით, შეთავაზება პრიგოჟინმა უკრიანის დაზვერვაში საკუთარი კონტაქტების გავლით იანვრის მიწურულს გაგზავნა. პრიგოჟინის მხრიდან მსგავსი შეთავაზების ფაქტს ადასტურებენ გაზეთის წყაროები უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, შემოთავაზება პრიგოჟინისგან რამდენჯერმე მიიღეს, თუმცა სამმართველოში მის მიმართ ნდობის არარსებობის გამო საკითხი არ განხილულა. 

გაზეთთან საუბარში პრიგოჟინის განზრახვებთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამენ ამერიკელი მაღალჩინოსნებიც. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, პრიგოჟინსა და ურკაინის დაზვერვის კონტაქტები ონლაინ კომუნიკაციით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აფრიკის კონტინენტზე ევგენი პრიგოჟინი უკრაინული დაზვერვის წარმომადგენელს შეხვდა. 

ამავე ცნობებით, პრიგოჟინმა უკრიანელებს ურჩია გადასულიყვნენ შეტევა ყირიმის მახლობლად, რადგანაც იქ მოქმედ დანაყოფები განიცდიდნენ საარტილერიო ჭურვების ნაკლებობას და საბრძოლო მორალის დაცემას. 

თავის მხრივ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის დაზვერვაში ფიქრობენ, რომ პრიგოჟინთან მათი კონტაქტების შესახებ შესაძლოა უკვე იცოდეს კრემლმა. 

საკითხს Washington Post-თან ინტერვიუში შეეხო ვოლოდიმირ ზელენსკიც - უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ გავრცელებული დოკუმენტები მისი ქვეყნისთვის საზიანო იყო. 

თავის მხრივ პრიგოჟინი გავრცელებულ ცნობებს თავის სტილში გამოეხმაურა და განაცხადა - "დიახ ვადასტურებ გავრცელებულ ცნობებს, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, მე და ბუდანოვი ახლაც აფრიკაში ვართ."

 

მსგავსი სიახლეები