ზელენსკი: ნეთანიაჰუს ნამდვილად შეუძლია დაგვეხმაროს საჰაერო თავდაცვაში

ისრაელის ახალ მთავრობას შეუძლია დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ამის შესახებ 30 ნოემბერს, NYT DealBook Summit-ზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

"მე მქონდა ერთი საუბარი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან, იმ მომენტიდან, როდესაც ის ისრაელის პრემიერი კვლავ გახდა... ჩვენ ველოდებით ისრაელის მხარდაჭერას. არ მინდა, რომ მათ ბალანსის პოლიტიკა ჰქონდეთ უკრაინასა და რუსეთს შორის. ეს არის სისხლიანი ომი. მას შემდეგ, რაც 550 ირანული დრონი გამოიყენეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მან იცის ყველა დეტალი და ნამდვილად შეუძლია დაგვეხმაროს საჰაერო თავდაცვაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საჰაერო თავდაცვა "არ არის იარაღი, რომელიც შეიძლება რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენო".

"ამიტომ, აქ კომპრომისების ძიება არ არის საჭირო. ეს არის ხალხის დაცვა. თუ მას [ნეთანიაჰუს] სურს უბრალოდ პირადი ურთიერთობა შეინარჩუნოს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მაშინ მას შეუძლია გააგრძელოს ამ მიმართულებით. და თუ მას სურს შეინარჩუნოს ისტორიული ურთიერთობები ისრაელისა და უკრაინულ საზოგადოებას შორის, მაშინ მეჩვენება, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ხალხის გადასარჩენად", - აღნიშნა ზელენსკიმ.

კონტექსტი

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერი 14 წლის განმავლობაში (1996-99; 2009-21 წლებში) იყო. პრემიერ-მინისტრის პოსტი მან 2021 წლის ივნისში ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად დათმო. თუმცა მისი წასვლის შემდეგ შექმნილი 8 პარტიისგან შემდგარი, ეკლექტური კოალიცია 1 წელიწადში შიდა უთანხმოებების გამო დაიშალა და ისარელში ახალი არჩევნები დაინიშნა.

2022 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდი" პირველ ადგილზე გავიდა, მისმა პარტნიორმა პარტიებმა კი ჯამში 120-დან 64 მანდატი მოიპოვეს.

ნეთანიაჰუმ 21 ოქტომბერს, USA Today-თან ინტერვიუში განაცხადა მზადაა განიხილოს უკრაინისთვის იარაღის გადაცემა, თუ ის კვლავ დაიკავებს მთავრობის მეთაურის პოსტს.

მსგავსი სიახლეები