ზემური: აფრიკელ ლიდერებს საფრანგეთში ქონებას ჩამოვართმევ, თუ მიგრანტებს ‘უკან არ დაიბრუნებენ’
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ აფრიკელ ლიდერებს საფრანგეთში ქონებას ჩამოართმევს, თუ ისინი „მიგრანტებს უკან არ დაიბრუნებენ“.
„აფრიკის ქვეყნების მეთაურებს საფრანგეთში სახლები აქვთ. ჩვენ მათი კონფისკაცია შეგვიძლია“, - განაცხადა პარტია რეკონკისტის ლიდერმა ერიკ ზემურმა.
ულტრამემარჯვენე ხედვებით ცნობილი ზემური აფრიკის ქვეყნებში საფრანგეთიდან ფულადი გადარიცხვების გაჩერებითაც იმუქრება.
63 წლის პოლიტიკოსი აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში „რე-ემიგრაციის“ სამინისტროს შექმნის, რომელიც საფრანგეთიდან მიგრანტების დეპორტით იქნება დაკავებული.
ზემურის თქმით, ის პრეზიდენტის რანგში ალჟირში, მაროკოსა და ტუნისში ჩასვლას და მიგრანტების „რეპატრიაციაზე“ შეთანხმების მიღწევას აპირებს.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომზე ზემურმა განაცხადა, რომ „საგარეო კრიზისის“ მიუხედავად საფრანგეთის მთავარ „გამოწვევად“ მიგრაცია რჩება.
ზემურის ინიციატივა დაგმო ეროვნული გაერთიანების ლიდერმა მარინ ლე პენმა, რომელიც ასევე ულტრამემარჯვენე ბანაკის წარმომადგენელია.
ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 10 აპრილს გაიმართება, მემარჯვენე ფლანგზე ზემურის მთავარ კონკურენტად ითვლება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში 29 პროცენტით კვლავ მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ლიდერობს. მას მარინ ლე პენი მოსდევს 19 პროცენტიანი მხარდაჭერით.