14 მაისს ბრიუსელში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოსალოდნელ მოლაპარაკებებს მხარეები ახალი სასაზღვრო ბრძოლებით ხვდებიან.
დაპირისპირებას, რომელიც ორი დღე გაგრძელდა და, შესაძლოა, კვლავ განახლდეს, თან ახლავს მსხვერპლი, რაშიც მხარეები ტრადიციულად ერთმანეთს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ თავად მხოლოდ მოწინააღმდეგის აგრესიაზე რეაგირებენ.
რა ხდება
11 მაისს დაწყებულ შეტაკებებს სომეხი და აზერბაიჯანელი ჯარისკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაჭრილებიც.
სომხური მხარის თანახმად, აზერბაიჯანულმა ძალებმა დილის ექვს საათზე სომხურ პოზიციებს არტილერიითა და მცირე კალიბრის იარაღით ცეცხლი გაუხსნა, აზერბაიჯანულმა მხარემ კი იმავეში ერევანი დაადანაშაულა და მთელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა მას დააკისრა.
ბაქოს თანახმად, მომხდარი სომხური პროვოკაციაა, ხოლო სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის მოქმედებები მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციასა და უგულვებელყოფს ვაშინგტონში გამართულ და ბრიუსელსა და მოსკოვში გასამართ შეხვედრებს.
მიუხედავად ამისა, მხარეებს შეხვედრის ჩაშლის ან გადადების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებიათ.
სად მიმდინარეობს უახლესი დაპირისპირება
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ეპიზოდებს, მაგალითად როგორიცაა ყარაბაღში მდებარე სოფელი ფარუხის აზერბაიჯანული ძალების მიერ დაკავება, მხარეებს შორის დაპირისპირება ძირითადად ამ ქვეყნებს შორის მდებარე სასაზღვრო ზოლში, მთიანი ყარაბაღიდან მოშორებით მიმდინარეობს.
უკანასკნელი ბრძოლების აქტიური ეპიცენტრია სოფლების, სოთქის, კუთისა და ვერინ-შორჯას (ზემო შორჟას) მიმდებარე ტერიტორია, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, გეღარქუნიქის პროვინციის ვარდენისის რაიონში მდებარეობენ.
რუკაზე მონიშნულია 11-12 მაისის შეიარაღებული დაპირისპირების ეპიცენტრები
აღნიშნული სასაზღვრო მონაკვეთი, ისევე როგორც მთლიანი სახელმწიფო საზღვარი ერევანსა და ბაქოს შორის შეუთანხმებელია და არ არის მონიშნული. არსებულ კონტაქტის ხაზზე კი მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაფორმებული საზავო ხელშეკრულებით კონტროლი მოიპოვა ქალბაჯარის, ლაჩინის, ქუბადლისა და ზანგილანის რაიონებზე, პერიოდულად ახლდება შეიარაღებული დაპირისპირება.
კუთსა და ვერინ-შორჟაში მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობას მისდევს, რაც შეეხება სოფელ სოთქს, აქ მდებარეობს ოქროს საბადო, რომელსაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეუთანხმებელი საზღვარი ორ ნაწილად ყოფს. საბადოდან სომხეთში მომუშავე კომპანია "GeoProMining-ის" შემადგენლობაში მყოფი "GPM Gold" ძვირფას ლითონს ყარაბაღის მეორე ომამდე მოიპოვებდა. ომის დასრულებისა და მოსკოვის შუამდგომლობით გაფორმებული საზავო ხელშეკრულების შემდეგ, საბადოს ტერიტორიაზე გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი სამხედროები, რის შემდეგაც კომპანია იძულებული გახდა მუშაობა მხოლოდ საზღვირს სომხურ მხარეს განეგრძო.
GeoProMining-ის 2021 წლის პირველი ექვსი თვის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ოქროს წარმოება თითქმის 53 პროცენტით შემცირდა, რასაც "სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შედეგებს" უკავშირებენ. სხვა სიტყვებით, წარმოების შემცირება გამოიწვია საბადოს აზერბაიჯანული ნაწილის დაკარგვამ და სამუშაოების დროებით შეჩერებამ.
კომპანია სომხეთში გარდა ოქროსა, ასევე მოიპოვებს იშვიათ, თუმცა ძვირფას ლითონებს, მათ შორის მოლიბდენსა და სტიბიუმს. GeoProMining-ის პრეზიდენტია რომან ხუდოლი, რომლისთვისაც, როგორც რუსი ბიზნესმენისთვის, სანქციების დაწესებას უკრაინული მხარე ითხოვს. ხუდოლი სამრეწველო-მომპოვებლით საქმიანობას რუსეთის ფედერაციაშიც ეწევა. კომპანიის მმართველ რგოლში მომუშავე პირების უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა.
სოთქის ოქროს საბადო, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი/ Google Earth
ერევნის თანახმად, სოთქისა და მეზობელი სხვა სოფლების მიმდებარედ, 2021 წლის მაისის შემდეგ აზერბაიჯანს დაკავებული აქვს სომხეთის სუვერენული ტერიტორია, რასაც ბაქოში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აზერბაიჯანული ძალები საკუთარ ტერიტორიაზე იმყოფებიან.
გარდა აღნიშნული სოფლებისა, სომხური მხარის მიხედვით, აზერბაიჯანულ არმიას დაკავებული აქვს უფრო სამხრეთით მდებარე სხვა ტერიტორიებიც, მათ შორის:
-
ჯერმუკის ნაწილი;
-
სევის (შავი) ტბის სასაზღვრო ზოლი;
-
ტეღის მიმდებარე ტერიტორია;
-
ნერქინ-ჰანდი და სხვა.
გამოუცხადებელი ომების ქრონიკა
11-12 მაისის სროლები არ არის მხარეებს შორის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მომხდარი ერთადერთი დაპირისპირება. მეტიც, იგი ამ თვალსაზრისით ჯერჯერობით შედარებით მცირე მასშტაბის კონფლიქტად უნდა მივიჩნიოთ.
მაისამდე მხარეებს შორის მსგავსი მასშტაბის დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა აპრილისა და მარტის თვეებში, რასაც ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა.
შედარებით უფრო დიდ სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი 2022 წლის სექტემბრის თვეში, როდესაც ორივე მხარემ ასეულობით მებრძოლი დაკარგა. ინციდენტს მხარეები ომის სახელით არ მოიხსენიებენ, თუმცა დაახლოებით მსგავსი ინტენსივობისა და მნიშვნელობის ინციდენტი, რომელიც 2016 წელს მოხდა, სომხეთში აპრილის ომის სახელითაა ცნობილი.
2022 წლის სექტემბრის რამდენიმე დღიანი ბრძოლების შედეგად, სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი თავს დაესხა და დაიკავა მისი სუვერენული ტერიტორია, რის გამოც მოითხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დახმარება, თუმცა სასურველი პასუხი ვერ მიიღო. ამას კი ფაშინიანის მთავრობამ აშკარა უკმაყოფილებით უპასუხა.
კიდევ ერთი შედარებით ფართო-მასშტაბიანი დაპირისპირება დაფიქსირდა 2021 წლის მაისშიც, როდესაც, სომხური მხარის თანახმად, დაიბომბა სომხური სუვერენული ტერიტორია.
მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) წესდება პრაქტიკულად იმეორებს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის პრინციპებს და გულისხმობს ერთ წევრზე თავდასხმის აღკვეთასა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სომხეთის შემთხვევაში ორგანიზაცია სრულიად ინერტულია და მხოლოდ სადამკვირვებლო ფუნქციებით შემოიფარგლება.
სწორედ სექტემბრის დაპირისპირების შედეგების გათვალისწინებით, სომხეთში ევროკავშირმა საკუთარი სადამკვირვებლო მისია მიავლინა და უკრაინის ომის პარალელურად რეგიონში რუსეთის ყურადღების მოდუნების კვალდაკვალ, მხარეებს შორის მედიატორის ფუნქციის შესასრულებლად, იმედის მომცემი ნიადაგი მოამზადა.
პერიოდული შეიარაღებული დაპირისპირების მიუხედავად, მხარეებს შორის იმართება მოლაპარაკებებიც, რა დროსაც მხარეები პოზიციების დაახლოებას ცდილობენ, თუმცა "შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობით" ერთმანეთს კვლავ მოლაპარაკებებზე ზეგავლენის ან ჩაშლის მცდელობაში, ანდაც მხარეთა პოზიციებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
შეხვედრები ვაშინგტონში, ბრიუსელსა და მოსკოვში
მაისის დასაწყისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს მოლაპარაკებებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უმასპინძლა.
მოლაპარაკებებმა ოთხ დღეს გასტანა და არ დასრულებულა საჯარო დოკუმენტზე ხელმოწერით, თუმცა ოფიციალური დიპლომატიური გზებით გაკეთებული განცხადებებიდან ვიგებთ, რომ შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა და მხარეებმა შეძლეს გარკვეულ საკითხებზე ურთიერთგაგება.
მოლაპარაკებების შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრი "რადიო თავისუფლების" სომხურ რედაქციას ესაუბრა, სადაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი სომხეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს დააბრუნებს, სომხეთი მზადაა აზერბაიჯანს გადასცეს ის აზერბაიჯანული ექსკლავები, რომლებზეც ერევანმა კონტროლი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ეთნოკონფლიქტის შემდეგ მოიპოვა.
მისივე განცხადებით, სომხეთი მუშაობს შესაძლებლობაზე, რომლის თანახმადაც, ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგის ფორმატში განიხილონ, რაც პროცესებიდან ერევანს გამორიცხავს.
მხარეებს შორის შესათანხმებელი საკითხების არასრული სია ასე გამოიყურება:
-
მთიანი ყარაბაღის სტატუსი;
მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის პოზიცია მთიანი ყარაბაღის შესახებ პერიოდულად იცვლებოდა. ომის მიმდინარეობისას პრეზიდენტმა ალიევმა ისაუბრა შესაძლო კულტურული ავტონომიის საკითხზე, თუმცა ეს საკითხი საზავო ხელშეკრულებაში არ ასახულა. აზერბაიჯანი ყარაბაღისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას და მისი როგორც პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სუბიექტის აღიარებას მხარს არ უჭერს.
-
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენა და აღიარება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს დაკავებული ტერიტორიების გაცვლა;
საზღვრის დადგენისა და შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლოა აზერბაიჯანმა დატოვოს ის პოზიციები, რომლებიც სომხური მხარის თანახმად, სომხეთის სუვერენული ტერიტორიაა. მეორე მხრივ, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრების აღიარებით, კვლავ ჩრდილში ექცევა მთიანი ყარაბაღის შესაძლო სტატუსი, თუმცა ამავდროულად, ქმნის შესაძლებლობას, რომ სასაზღვრო დაპირისპირებები შემცირდეს.
-
სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის და აზერბაიჯანის ცენტრალურ ნაწილსა და ნახიჩევანს შორის დამაკავშირებელი სიუნიქის (ზანგეზურის) კორიდორების ფუნქციონირების საკითხი;
ორივე დერეფნის არსებობა გათვალისწინებულია 2020 წლის საზავო ხელშეკრულებით, თუმცა ამ დრომდე არ გახსნილა სიუნიქის/ზანგეზურის დერეფანი, რომელმაც აზერბაიჯანის დანარჩენი ნაწილი ნახიჩევანთან უნდა დააკავშიროს. თავის მხრივ, აზერბაიჯანულმა მხარემ შეცვალა დერეფნის თავდაპირველი მარშრუტი, ააშენა ახალი გზა და მოაწყო საკონტროლო პუნქტი, რომლითაც საშუალება ეძლევა გააკონტროლოს მთიანი ყარაბაღის სომხურ ნაწილში ტვირთებისა და ადამიანების გადაადგილება, რაც სომხური მხარის პროტესტს იწვევს.
-
2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა საკითხები, მათ შორის დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხი;
-
ტყვეთა, პატიმართა გაცვლა/დაბრუნება და დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა;
-
პოზიტიური ურთიერთობების შესაძლებლობა - ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა, სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა;
საკითხთა ირგვლივ კრიტიკულად განსხვავებული პოზიციები, რომელთა ცვლილებაც, კრიტიკული ჯგუფების მხრიდან ეროვნული ინტერესების ღალატად შეიძლება იქნას აღქმული, ასევე სომხური და აზერბაიჯანული საზოგადოებების პოლარიზაცია ართულებს შეთანხმების მიღწევას და მხარეებს კვლავ დაპირისპირებულ მდგომარეობაში ამყოფებს.
ვაშინგტონის შედარებით პოზიტიური გამოცდილების შემდეგ, ბრიუსელში დიალოგი ახლა უკვე ქვეყნის ლიდერებს შორის ელიან. მესამე შეხვედრა სომეხ და აზერბაიჯანელ საგარეო საქმეთა მინისტრებს, მირზოიანსა და ბაირამოვს შორის კი კვლავ მაისის თვეში, მოსკოვში შედგება.
მიუხედავად მოსკოვში ჩანიშნული შეხვედრისა, მხარეებს შორის დასავლეთში გამართული მოლაპარაკებები აჩენს განცდას, რომ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისას მხოლოდ რუსეთი აღარ სარგებლობს მედიატორის ექსკლუზიური უფლებით, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს რეგიონში უშუალოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები გააჩნია და წარმოდგენილია შეიარაღებული ძალებით.
დასკვნის მაგივრად
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო დაპირისპირებების სიხშირე და მსხვერპლი ხაზს უსვამს მხარეთა შორის მშვიდობის ისეთი პირობების შესახებ შეთანხმების აუცილებლობას, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და შესაძლებელს გახდის გრძელვადიან სტაბილურობასა და მშვიდობას ისე, რომ ამ პროცესზე რომელიმე ქვეყანაში მთავრობის ცვლილებამ გავლენა ვერ მოახდინოს.
ახალი დაპირისპირებები მუდმივად აახლებს საზოგადოებაში არსებულ ტრავმებსა და შიშებს, ზრდის მოწინააღმდეგე მხარისადმი ზიზღს და ართულებს გრძელვადიანი მშვიდობის შესაძლებლობას.
მეორე მხრივ, დიალოგის საერთაშორისო ფორმატები კვლავ არ არის გარანტი იმისა, რომ მხარეებს შორის მშვიდობა დაისადგურებს. ერთია შეთანხმება ფურცელზე და მეორეა მისი შესრულება რეალურ ცხოვრებაში, ამ ყოველივესთვის კი თავად აზერბაიჯანისა და სომხეთის სურვილი და საერთაშორისო ჩართულობა აუცილებელია, რაშიც, თავის მხრივ, პოზიტიური როლის შესრულება საქართველოსაც შეუძლია.