6-ჯერ ნასამართლევმა, ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ვეტერანმა 12 წლის გოგონა მოკლა
კემეროვოს ოლქში 12 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით 49 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი დააპატიმრეს. დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი (მათ შორის მკვლელობისთვისაც) და უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის გამო შეწყალებული, ანდრეი ბიკოვი აღმოჩნდა.
აღმოჩნდა, რომ ბიკოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთი კოლონიიდან დაარეკრუტა, საომარი მოქმედებების ზონაში ყოფნისას ტყვედ ჩავარდა, ხოლო სამშობლოში 31 იანვარს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის ერთ-ერთი ეტაპის შემდეგ დაბრუნდა.
12 წლის გოგონას ცხედარი წყლის ჭაში აღმოაჩინეს, რომლიდანაც რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით პოლიციის 2 განყოფილებაა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიკოვი სულ მცირე ექვსჯერ იყო ნასამართლევი - 2018 წელს სასჯელის მოხდის შემდეგ კოლონიიდან დაბრუნებულმა ბიკოვმა მეზობელი ქალი დაახრჩო, რის გამოც 13-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
მაღალი ალბათობით სწორედ ამ კოლონიიდან მოხვდა რუსეთის არმიის რიგებში ბიკოვი გასული წლის შემოდგომაზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საომარი მოქმედებებიდან დაბრუნებული პატიმარს მკვლელობისთვის აპატიმრებენ - რუსული მედიის ცნობით გასული 2 წლის განმავლობაში უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ვეტერანებმა 100-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს.