აფხაზეთის სომხური თემი ნიკოლ ფაშინიანს აკრიტიკებს

სეპარატისტული აფხაზეთის სომხურმა თემმა განაცხადა, რომ მიესალმება სომხეთში "ახალი პატრიოტული მოძრაობის" გაჩენას ბაგრატ სრბაზანის მეთაურობით და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს აკრიტიკებს.

მთავარეპისკოპოსი ბაგრატ სრბაზანი (სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი) ერევნისკენ მსვლელობას მართავს და აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

"ჩვენ, აფხაზეთის რესპუბლიკის სომხები, როგორც მრავალეროვნული აფხაზი ხალხის ნაწილი, ყოველთვის ინტერესით ვადევნებდით თვალს სომხეთის მოვლენებს. თანავუგრძნობდით მას წარუმატებლობისას და გულწრფელად გვიხაროდა მისი წარმატებები. სამწუხაროდ, ბოლო დროს ბევრი ნეგატივია და მას თავისი უშუალო ავტორი ჰყავს.

ეს არის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი გუნდი, რომელთა გადაწყვეტილებებმაც მრავალი მარცხი გამოიწვია, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე დიპლომატიურ ასპარეზზე. ჩვენი ორგანიზაცია არის საჯარო, ჩვენ არანაირად არ ვერევით სომხეთის საშინაო საქმეებში. თუმცა, წარმოშობით სომხები ვართ, ჩვენი აზრი გვაქვს და გვინდა გამოვთქვათ. ყველაფერმა, რაც ბოლო წლებში მოხდა, შეიძლება საზიანოდ იმოქმედოს სომხეთის სახელმწიფოებრიობაზე.

ნიკოლ ფაშინიანისა და მისი თანაგუნდელების პოლიტიკამ არცახის სახელმწიფოს ლიკვიდაცია გამოიწვია ათასობით ადამიანის გარდაცვალება და ათიათასობით სომეხის ლტოლვილად ქცევა. რა შეიძლება მოხდეს ხვალ, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება პოზიტიური დღის წესრიგი." - ნათქვამია განცხადებაში.

სომხური საზოგადოება აცხადებს, რომ ის არის "რევოლუციების წინააღმდეგი" და "სომეხი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს."

"ხელახლა დაბადებული სომხეთი თავისი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს წინა პლანზე დააყენებს. ზედმეტი არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ ამ ინტერესებს შეესაბამება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაც," - ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი "ურყევ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ერთიანობას და სახელმწიფოებრიობას."

მსგავსი სიახლეები