11:49 | 19 სექტემბერი, 2026 — გერმანია
AfD დიმიტრიევთან შეხვედრას და რუსული გაზის იმპორტის აღდგენის განხილვას გეგმავს - Reuters
ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერები რუსეთიდან გერმანიაში გაზის იმპორტის აღდგენაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ. ამის შესახებ 18 სექტემბერს სააგენტო Reuters ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ვითარების არსი: ამ მონაცემებით, შეხვედრა 2027 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ AfD-ს მხრიდან მასში მონაწილეობას მიიღებენ პარტიის თანათავმჯდომარეები ალის ვაიდელი და ტინო ხრუპალა, ხოლო რუსეთის მხრიდან - კირილ დმიტრიევი.
- "ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენლებს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
სტრიქონებს შორის: Reuters აღნიშნავს, რომ AfD-ს არ აქვს უფლებამოსილება რუსეთიდან გაზის იმპორტი აღადგინოს.
- ენერგეტიკული პოლიტიკა გერმანიის ცენტრალური მთავრობის პრეროგატივაა და ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ ულტრამემარჯვენეები მის შემადგენლობაში მოხვდნ.
- გამოცემა ხაზს უსვამს, რომ სხვა პოლიტიკური ძალები უარს ამბობენ AfD-სთან კოალიციაში შესვლაზე, რომელიც კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ 2025 წელს მემარჯვენე-ექსტრემისტულ გაერთიანებად გამოაცხადა.
დიდი სურათი: სააგენტო Reuters-სთან ინტერვიუში, რომელიც 30 ივნისს გამოქვეყნდა, ვაიდელმა რუსულ ნავთობსა და გაზზე ბოიკოტის შეწყვეტა მოითხოვა.
- "იაფი ენერგია რუსეთიდან იყო Made in Germany მარკის წარმატების საიდუმლო. ჩვენ ის უნდა დავიბრუნოთ," - განაცხადა AfD-ს თანათავმჯდომარემ.
- მან მიანიშნა, რომ გერმანიის აღმოსავლეთში ჩატარებულ არჩევნებს კანცლერობისკენ მიმავალ საფეხურებად განიხილავს.
- საქსონია-ანჰალტის პარლამენტის არჩევნებამდე "ალტერნატივა გერმანიისთვის" ამომრჩეველს ჰპირდებოდა ენერგეტიკის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას და "გერმანია-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზებას," მათ შორის "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენით გაზის შესყიდვის აღდგენას.