აიათოლა ხამენეი: ირანი უკან არ დაიხევს, ისრაელი დიდხანს ვერ გაძლებს
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პარასკევის ქადაგებისას მოსახლეობას მიმართა. მან 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტულ აქტს "ლოგიკური და კანონიერი" შეჭრა უწოდა.
დედაქალაქ თეირანის მეჩეთში ათიათასობით ადამიანის წინაშე გამოსვლისას, ხამენეიმ თქვა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები ახლო აღმოსავლეთში "უკან არ დაიხევენ" მაშინაც კი, როცა ისრაელმა ცოტა ხნის წინ ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით მოკლა.
თითქმის ხუთი წლის განმავლობაში თავის პირველ საჯარო პარასკევის ქადაგებაში, ხამენეიმ არაბულად ისაუბრა, რათა განეხილა ირანის მართული "წინააღმდეგობის ღერძის" ბრძოლა ისრაელის წინააღმდეგ.
"რეგიონში წინააღმდეგობა უკან არ დაიხევს ამ მოწამეობით და გაიმარჯვებს," - განუცხადა ხამენეიმ იმამ ხომეინის დიდ მეჩეთში შეკრებილებს, სადაც მხარდამჭერებმა ჰეზბოლას და ჰამასის მოკლული ლიდერების პორტრეტები გამოფინეს.
"ისრაელი ვერასოდეს დაამარცხებს ჰამასს და ჰეზბოლას," - განაცხადა მან.
ის მიესალმა ტერორისტული დაჯგუფების მიერ ისრაელის აგრესიისგან "სასტიკ თავდაცვას," გულისხმობდა ჰამასის მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას ისრაელის წინააღმდეგ 7 ოქტომბერს და შემდგომ ჰეზბოლას, იემენელი ჰუსიტიების სოლიდარულ თავდასხმებს.
ხამენეიმ თქვა, რომ თეირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტები ჩართულნი იყვნენ ისრაელის წინააღმდეგ "ლოგიკურ და ლეგიტიმურ" ქმედებებში და "არავის აქვს მათი გაკრიტიკების უფლება."
აიათოლა ალი ხამენეი ქადაგებს პარასკევის ლოცვის ცერემონიაზე თეირანში, 2024 წლის 4 ოქტომბერს
ირანის ლიდერმა აღნიშნა, რომ სამშაბათის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე, ეფუძნებოდა საერთაშორისო სამართალს, ირანის კანონმდებლობას და ისლამურ მრწამსს.
მან ერებს "ავღანეთიდან იემენამდე და ირანიდან ღაზამდე და იემენამდე" მოუწოდა, მზად იყვნენ მტრის წინააღმდეგ მოქმედებისთვის და შეაქო ისინი, ვინც ამისთვის დაიღუპნენ.
გამოსვლას წინ უძღოდა ჰეზბოლას ყოფილი მეთაურის, ჰასან ნასრალას ხსოვნის ცერემონია, რომელიც 27 სექტემბერს, სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის დროს დაიღუპა.