დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:59 | 28 სექტემბერი, 2026 — ისრაელი

ეგვიპტის დაზვერვამ ნეთანიაჰუ 7 ოქტომბრის თავდასხმამდე სამჯერ გააფრთხილა - WSJ

ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელმა, აბას ქამელმა ნეთანიაჰუს "ჰამასის" 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე დაურეკა, რათა ის ღაზიდან მოსალოდნელი თავდასხმის ნიშნების შესახებ გაეფრთხილებინა. The Wall Street Journal წერს, რომ ეგვიპტის წინა 2 გაფრთხილება იგნორირებული იყო.

ვითარების არსი: გამოცემის ცნობით, ეგვიპტელმა მაღალჩინოსნებმა ისრაელი პირველად 2023 წლის ივნისში გააფრთხილეს ღაზაში არსებული ზოგადი არასტაბილურობის შესახებ და ებრაულ სახელმწიფოს ურჩიეს, განეახლებინა პალესტინურ ტერორისტულ დაჯგუფებასთან მოლაპარაკებები მძევლებისა და პატიმრების გაცვლაზე.

  • "სექტემბერში ქამელი ისრაელში ჩაფრინდა და გააფრთხილა, რომ ვითარება ღაზაში სავალალო იყო და შესაძლოა ყველასთვის სავალალო შედეგით აფეთქებულიყო," - ნათქვამია სტატიაში ერთ-ერთი არაბული მთავრობის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
  • თუმცა ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა გაფრთხილებები უარყვეს და ქამელს განუცხადეს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა.
  • სტატიის თანახმად, "ეგვიპტელები ისრაელის გაფრთხილებას თავდასხმამდე 48 საათით ადრეც აგრძელებდნენ."

სტრიქონებს შორის: ნეთანიაჰუმ მანამდე უარყო თავდასხმამდე არსებულ თვეებში ქამელთან რაიმე სახის საუბრის ფაქტი.

  • სტატიაში ასევე გამეორებულია ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებები იმის შესახებ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერმა, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა ნეთანიაჰუს 2023 წლის სექტემბერში დაურეკა, რათა გაეფრთხილებინა იგი ჰამასის მოსალოდნელი თავდასხმის ნიშნების შესახებ.
  • სტატიაში აღნიშნულია, რომ არცერთი გაფრთხილება არ შეიცავდა კონკრეტულ დეტალებს დაგეგმილი თავდასხმის დროის ან მასშტაბის შესახებ.

დიდი სურათი: The New York Times-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს 2023 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ ღაზის უსაფრთხოების შეხვედრაზე არ უსაუბრია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის სავარაუდო გაფრთხილებაზე იმის შესახებ, რომ "ჰამასი" მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა. 

  • გამოცემა ეყრდნობა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ხუთ ყოფილ ოფიციალურ პირს, რომლებმაც NYT-ს განუცხადეს, რომ ნეთანიაჰუმ უარყო უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელების წინადადება ღაზაში "ჰამასის" იმ ლიდერების დაბომბვის შესახებ, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტულ თავდასხმებს ხელმძღვანელობდნენ.
  • საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ ისრაელს სიმშვიდე უნდა შეენაჩუნებინა საუდის არაბეთთან მოსალოდნელი დიპლომატიური შეთანხმების ფონზე.
  • გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუს სჯეროდა, რომ საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის შეთანხმება გარდაუვალი იყო და შიშობდა, რომ ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ნებისმიერი ოპერაცია ამ შეთანხმებას ჩაშლიდა.

კონტექსტი: NYT-ის სტატია მოჰყვა Haaretz-ის მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებულ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც, 7 ოქტომბრის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ნეთანიაჰუ გააფრთხილა, რომ "ჰამასი" ისრაელის წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციას გეგმავდა. 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე