დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:52 | 28 სექტემბერი, 2026 — უკრაინა

უკრაინამ 2023 წლის კონტრშეტევასთან შედარებით, ორჯერ მეტი ტერიტორია გაათავისუფლა - OSINT ანალიტიკოსები

2026 წელს უკრაინის არმიამ ორჯერ მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე 2023 წლის კონტრშეტევის დროს.

ინფორმაციას Conlift Intelligence Team-ის ანალიტიკოსები ავრცელებენ.

ვითარების არსი: ამ შეფასებას ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მონაცემებიც ადასტურებს, რომელიც 2023 და 2026 წლებში უკრაინის კონტროლქვეშ გადასული ტერიტორიების ფართობებს ასახავს.

  • ფრანგი ანალიტიკოსი კლემან მოლენის თქმით, უკრაინის არმია წინსვლას აგრძელებს დაახლოებით 90 კმ სიგრძის ფრონტზე.
  • მისივე განმარტებით, უკრაინის ძალები სლოვიანსკიდან ფრონტის ხაზის გადაწევას ახერხებენ. მანამდე მოლენი ლიმანის მახლობლად 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიის გათავისუფლების შესახებაც წერდა.
  • 28 სექტემბერს, უკრაინის არმიის მე-3 მოიერიშე კოპუსის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ბილეცკიმ ოპერაცია "ვივალდის" მესამე ეტაპის შედეგებზე ისაუბრა, რითაც, ფაქტობრივად, დადასუტდა მოლენის ინფორმაცია.
  • გენერლის თანახმად, კორპუსმა ნოვი, რიდკოდუბი და კატერინივკა გაათავისუფლა, კარპივკასა და ნოვომიხაილივკაზე კი კონტროლი აღადგინა.
  • მტრის დანაკარგმა ცოცხალი ძალის სახით 2000-ს მიაღწია, 250-ზე მეტი რუსი კი ტყვედ ჩავარდა.
  • მესამე ეტაპისთვის უკრაინამ 51 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიბრუნა - შეტევითი მოქმედებების დაწყებიდან ჯამში - 176 კმ².

ოპერავია "ვივალდის" მესამე ეტაპის დროს ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროები და ოფიცრები, 28 სექტემბერი, 2026 წელი.

დეტალები: მოლენის თანახმად, 2026 წლის დასაწყისიდან უკრაინის კონტროლქვეშ 450 კმ²-მდე ტერიტორია გადავიდა. ამასთან, რუსმა სამხედროებმა ამავე პერიოდში 650 კმ²-ით მეტი ტერიტორია დაიკავეს.

  • ISW-ის 19 სექტემბრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან უკრაინის არმიამ 972 კმ² ტერიტორია გაათავისუფლა. იმ ტერიტორიების გათვალისწინებით, სადაც რუსმა სამხედროებმა შეაღწიეს, თუმცა ფაქტობრივად არ აკონტროლებენ, ISW-მ 2026 წელს მოსკოვის ტერიტორიული მონაპოვარი 718 კმ²-ით შეაფასა.

  • 2023 წელს, ISW-ის მონაცემებით, სექტემბრის ბოლოსთვის უკრაინელი სამხედროების კონტროლქვეშ დაახლოებით 370 კმ² ტერიტორია გადავიდა. ამავე პერიოდში, რუსმა სამხედროებმა ჯამში დაახლოებით 487 კმ²-ით მეტი ტერიტორია დაიკავეს.

  • გამოცემა "Агентство"-სთან ანონიმურ საუბარში CIT-ის ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს უკრაინის შეიარაღებული ძალები 2023 წელთან შედარებით ბევრად წარმატებულად მოქმედებენ, როგორც გათავისუფლებული ტერიტორიების ფართობის, ისე დასახული მიზნების მიღწევის კუთხით.

  • ამავდროულად, CIT-ის ანალიტიკოსის თანახმად, რუსი სამხედროები უკრაინაში კვლავ უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ, ვიდრე უკრაინელები ათავისუფლებენ.

  • ამას ფინური OSINT-პროექტის, BlackBird Group-ის მონაცემებიც ადასტურებს. პროექტის ანალიტიკოსი, ჯონ ჰელინი, ლიმანის მიმართულებით უკრაინული ოპერაცია "ვივალდის" შედეგების შეფასებისას წერდა, რომ უკრაინის არმიამ რამდენიმე თვეში დაახლოებით 200 კმ² ტერიტორია გაათავისუფლა. თუმცა, BlackBird Group-ის ცნობით, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით რუსმა სამხედროებმა 819 კმ²-ით მეტი ტერიტორია დაიკავეს, ვიდრე უკრაინელებმა.

კონტექსტი: 2023 წლის უკრაინული კონტრშეტევა ივნისში დაიწყო და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყო ფოკუსირებული.

  • კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები იმედოვნებდნენ, რომ ეს მომენტი ომში გადამწყვეტი გახდებოდა - უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებდნენ გარღვევას, ვლადიმირ პუტინი კი იძულებული გახდებოდა, ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებზე წასულიყო.
  • თუმცა, ოქტომბრის ბოლოსთვის კონტრშეტევა ჩიხში შევიდა. როგორც The Economist-ი წერდა, ამან შეარყია დასავლეთის იმედები, რომ უკრაინა მას რუსეთის მიერ ომის მოგების უუნარობის სადემონსტრაციოდ გამოიყენებდა და პუტინს მოლაპარაკებებისკენ უბიძგებდა.

  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული OSINT-პროექტის, DeepState-ის მონაცემებით, 2023 წელს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 14 დასახლებული პუნქტისა და 395 კმ² ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს, მაშინ როცა რუსულმა არმიამ 26 დასახლებული პუნქტი და 683 კმ² ტერიტორია დაიკავა.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე