ახალი სანქციები: ბრიტანეთმა შვიდ რუს ოლიგარქს აქტივები გაუყინა
გაერთიანებულმა სამეფომ შვიდ რუს ოლიგარქს ახალი სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთის მთავრობამ რომან აბრამოვიჩის, დმიტრი ლებედევის, იგორ სეჩინის, ოლეგ დერიპასკას და კიდევ სამი ოლიგარქის აქტივები გაყინა.
გაყინულ აქტივებში მოხვდა საფეხბურთო კლუბი "ჩელსიც", რომელიც რომან აბრამოვიჩის საკუთრებაშია.
კლუბს მთავრობამ სპეციალური ნებართვა მისცა "საფეხბურთო საქმიანობის გასაგრძელებლად", თუმცა აბრამოვიჩს მისი გაყიდვა აეკრძალა. რამდენიმე დღის წინ რომან აბრამოვიჩმა გამოაცხადა, რომ "ჩელსის" გაყიდვას გეგმავდა.
დანარჩენი დასანქცირებული ოლიგარქებიდან, დერიპასკა En+ Group-ის მეწილეა, სეჩინი როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო ლებედევი "ბანკ როსიას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
აქტივების გაყინვის გარდა, ყველა მათგანს აეკრძალა ბრიტანეთში ჩასვლა.