ალი ხამინეის დისშვილი საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერის გამო დააკავეს
ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერის ალი ხამინეის დიშვილი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერის გამო დააკავეს, გავრცელებულ ვიდეოში ფარიდე მორადხანი მსოფლიოს მოუწოდებდა შეეწყვიტათ ყველანაირი კონტაქტი ირანის რეჟიმთან.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
ფარიდე მორადხანი სასამართლოს ბრძანებით პროკურატურაში დაიბარეს, რისი მიზეზიც მისი ძმის მაჰმუდ მორადხანის ტვიტი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფარიდე მორადხანი ოთხშაბათს, 23 ნოემბერს დააკავეს.
კონტექსტი
ირანში 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უკვე 2 თვეა მიმდინარეობს.
საპროტესტო დემონსტრაციებზე დაიღუპა 430 მოქალაქე, უკვე დაპატიმრებულია 17 000-ზე მეტი. თავდაპირველად ქალთა გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები ისლამური რეჟიმის დამხობის მოთხოვნებმა ჩაანაცვლა.
ირანი საპროტესტო დემონსტრაციების პროვოცირებასა და დაფინანსებაში საუდის არაბეთს და აშშ-ს ადანაშაულებს. თავის მხრივ, ეს ირანის რეჟიმის მიერ გამოცდილი მეთოდია.
ცოტა ხნის წინ ირანის მეჯლისმა, რომელსაც არ აქვს სასჯელის დაკისრების უფლება, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, საპროტესტო აქციებისთვის დაპატიმრებული 15 ათასივე მოქალაქე სიკვდილით დაესაჯა.
რაც შეეხება სამართლებრივ ვერდიქტს, ამ დროისთვის ცნობილია სასიკვდილო განაჩენის გამოტანის მხოლოდ 1 შემთხვევის შესახებ.