აშშ უკრაინას $725 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს - Reuters
ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი უსაფრთხოების პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს საბრძოლო მასალას და მანქანებს, მაგრამ არა მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს ან საჰაერო თავდაცვას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალები HUMVEE-ს ტიპის ჯავშანმანქანებს და საარტილერიო სისტემებისთვის - 155 მმ-იანი ჰაუბიცებისთვის და Himars-ებისთვის - საბრძოლო მასალას მიიღებს.
ეს პაკეტი, რომელიც შესაძლოა პარასკევს გამოცხადდეს, არის პირველი დახმარების პაკეტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბოლო დღეებში უკრაინაში მშვიდობიანი ობიექტები დაბომბა.
ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც Reuters-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრენ, განაცხადეს, რომ პაკეტის გამოცხადების დრო, ასევე მისი შინაარსი და ღირებულება შეიძლება ბოლო წუთამდე შეიცვალოს.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ მიუხედავად მასიური სარაკეტო თავდასხმებისა, არ არის მოსალოდნელი პაკეტში ანტი-სარაკეტო სისტემების შესვლა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ამ თვეში უკრაინა გერმანიისგან და აშშ-სგან თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს.