ბაიდენის მრჩეველი: აშშ და ირანი ბირთვული შეთანხმებაზე კომპრომისთან ‘ახლოს’ არიან

 

აშშ და ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებასთან „ახლოს“ არიან, აცხადებს აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ახლო აღმოსავლეთის საქმეთა კოორდინატორი ბრეტ მაკგერკი.

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა კვლევით ცენტრ Carnegie Endowment-ის საჯარო ღონისძიებაზე გააკეთა.

მაკგერკის თქმით, მოლაპარაკებები „კულმინაციის წერტილს“ უახლოვდება და ბაიდენის ადმინისტრაცია 2015 წლის ხელშეკრულების სრულად აღდგენითაა დაინტერესებული.

თეთრი სახლის თანახმად, ირანის ბირთვული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების ბოლო ვადად იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისს განიხილავენ.

ცოტა ხნის წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები „საკმარის“ პროგრესს მიაღწევდა, თეირანი ვაშინგტონთან პირდაპირი დიალოგისთვის იქნებოდა მზად.

აქამდე ირანი ამერიკულ დელეგაციასთან ორმხრივ შეხვედრას არ თანხმდებოდა.


 

ბირთვული შეთანხმება, რომელიც თეირანის ატომური ამბიციების შეზღუდვას ისახავდა მიზნად, ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ 2015 წელს გაფორმდა აშშ-ს, ირანს, რუსეთს, ჩინეთს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის.

2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმებაში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა ირანისთვის ბირთვული კონტროლის უფრო მკაცრი მექანიზმების დაწესებას ითხოვს.

ამერიკული დელეგაცია შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა ვენაში აშშ-ს წარმომადგენელი დასავლელ მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციებს გადის.

მსგავსი სიახლეები