ბელგია 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადადის

ბელგიის ხელისუფლება 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლას განიხილავს.

"კორონა კრიზისმა მუშაობის ფორმა რადიკალურად შეცვალა - განაცხადა ბელგიის ეკონომიკისა და შრომის სამინისტროს სპიკერმა - იდეა ის არის, რომ დასაქმებულს მეტი თავისუფლება ჰქონდეს თავად დაგეგმოს სამუშაო კვირა."

სამუშაო კვირაში უფრო მეტი მოქნილობა დღეების რაოდენობას 5-დან 4-მდე შეამცირებს.

ბელგიის მთავრობის ინიციატივით, სამუშაო საათების რაოდენობა იგივე დარჩება. თუმცა, დამატებითი დასვენების დღის მისაღებად დასაქმებულებმა დღეში 9.5 საათი უნდა იმუშაონ.

სამინისტროს სპიკერის თქმით, შემოთავაზების მხარდაჭერა 7 პარტიისგან შემდგარ სამთავრობო კოალიციაში მაღალია.

"ინიციატივას უფრო დეტალურად კვირას ან ორშაბათს განვიხილავთ", - თქვა მან.

ინიციატივის განხილვაში ჩაერთვებიან ინდუსტრიის და პროფკავშირების წარმომადგენლები.

კანონის დამტკიცების პროცესი მინიმუმ ექვსი თვე გაგრძელდება.

ისლანდიაში სამუშაო კვირის დღეების შემცირების შემდეგ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხელფასის შენარჩუნების შემთხვევაში, დასაქმებულთა პროდუქტიულობამ არ მოიკლო, სტრესი კი შემცირდა. 

ბელგიის მთავრობის განცხადებით, ისინი არ გეგმავენ 4 დღიანი სამუშაო კვირა ყველასთვის სავალდებულო იყოს.

 

 

მსგავსი სიახლეები