ბელგიამ სამთავრობო ტელეფონებზე TikTok აკრძალა
ბელგიის ეროვნული უშიშროების საბჭომ პარასკევს სამთავრობო უწყებებში დასაქმებული პირების სამუშაო ტელეფონებზე TikTok-ის გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ POLITICO წერს.
"ჩვენ არ შეგვიძლია გულუბრყვილოები ვიყოთ: TikTok არის ჩინური კომპანია, რომელსაც ამჟამად ევალება თანამშრომლობა ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებთან", - თქვა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ.
აკრძალვა ეფუძნება ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიერ გაკეთებულ რისკების ანალიზს და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. ის ექვსი თვის ვადით გაიცა, რის შემდეგაც ბელგიის ხელისუფლება ხელახლა შეაფასებს გაიდლაინებს.
ბრიუსელის რეგიონულმა ხელისუფლებამ პარასკევს საღამოს გადაწყვიტა, ცენტრალურ მთავრობას მიბაძოს და ოფიციალური პირების ტელეფონებში მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში TikTok აკრძალოს.
TikTok-მა, რომელსაც ჩინური ტექნოლოგიური კომპანია ByteDance ფლობს, ამ კვირაში განაცხადა, რომ ცვლილებები იქნება მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში. ამით ის ცდილობს მონაცემთა უსაფრთხოებაზე არსებული შეშფოთების შემსუბუქებას.
ბელგიის მთავრობის წარმომადგენლებს პერსონალურ ტელეფონებზე მკაცრი შეზღუდვები არ ექნებათ, მაგრამ ხელისუფლებამ მათ მაინც ურჩია, არ გადმოიწერონ TikTok.
ქვეყნის უშიშროების საბჭომ რეგიონალურ და ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდა, მათაც დააწესონ მსგავსი აკრძალვა.