ბორელი ევროკავშირს მოუწოდებს თავდაცვის ტექნოლოგიებზე მეტი თანხა დახარჯოს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელონ თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარებაში.
ამის შესახებ ბორელმა ევროპის საგარეო სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში დაწერა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ახლა ყოველწლიურად 14.4 მილიარდ ევროს ხარჯავენ სამხედრო კვლევებსა და განვითარებაზე, აშშ - 130 მილიარდ ევროს.
"უარესი ის არის, რომ ეს შეზღუდული თანხა ნაწილ-ნაწილ იხარჯება, თითოეული წევრი ქვეყანა ადგენს საკუთარ პრიორიტეტებს და ცალკეულ სამუშაოებს ახორციელებს," - აღნიშნა დიპლომატმა.
მისივე თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში თავდაცვითი ტექნიკის მხოლოდ 18% არის შეძენილი, დანარჩენი კი ეროვნულ დონეზეა შესყიდული.
ბორელის თქმით, შედეგი არის ის, რომ ევროპის თავდაცვის ინდუსტრია არის "ზედმეტად მცირე, ზედმეტად ფრაგმენტირებული და აქვს ინოვაციების ნაკლებობა."
"ჩვენ უნდა მივცეთ ევროკავშირის თავდაცვის კომპანიებს წვდომა ევროპულ ინოვაციების ფონდებთან და წაახალისოთ თანამშრომლობა კვლევით ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა თავად ევროპულ თავდაცვის კომპანიებს შორის, არა მხოლოდ კვლევისა და განვითარების სფეროში, არამედ პროცესის შემდგომ ეტაპებზე, ერთობლივი წარმოების ჩათვლით," - ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია თავდაცვის ინდუსტრიასა და კერძო სექტორს შორის ურთიერთქმედების გაძლიერება.
ბორელმა ასევე ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის დიდ პოტენციალზე ისაუბრა, რომელიც განბლოკვას საჭიროებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა ახლა "გარდამტეხ მომენტშია."
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს ისეთი ინიციატივების განხორციელებაში, როგორიცაა ევროპის თავდაცვის ფონდი და ევროკავშირის თავდაცვის ინოვაციების ცენტრი, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უფრო თამამად." - თქვა ბორელმა.
მან განაცხადა, რომ საჭიროა დიდი ინვესტიციის ჩადება საკვანძო ტექნოლოგიებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, დრონები და კოსმოსური შესაძლებლობები.