ბორელი: უნგრეთს არავინ ავალდებულებს ევროკავშირის წევრი იყოს
უნგრეთი ევროკავშირის ნებაყოფლობითი წევრია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა 24 ოქტომბერს განაცხადა.
ბორელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა. 23 ოქტომბერს, 1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების წლისთავზე გამოსვლისას, მან უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება მოსკოვის გავლენის ქვეშ ყოფნის ორმოც წელს შეადარა და ამას "ოკუპაცია" უწოდა. ორბანმა ევროკავშირი დაადანაშაულა, რომ ლიბერალიზმის თავს მოხვევით უნგრეთისთვის იდენტობის წართმევას ცდილობს.
"ჩვენ იძულებული ვიყავით გვეცეკვა იმ მუსიკაზე, რომელსაც მოსკოვი უკრავდა. ბრიუსელიც უკრავს, მაგრამ ჩვენ ვცეკვავთ ისე, როგორც გვინდა და თუ არ გვექნება სურვილი, მაშინ არ ვიცეკვებთ," - თქვა მან.
ბორელმა უნგრეთის პრემიერის სიტყვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება მართებულად არ მიაჩნია და ბუდაპეშტს ევროკავშირში არავინ აკავებს.
"უნგრეთმა ბევრი რამ იცის საბჭოთა ოკუპაციის შესახებ. მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი ქუჩებში რუსული ტანკებით. მან უნდა იცოდეს რას ლაპარაკობს. არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი." - თქვა ბორელმა.