ბრაზილიაში ბოლსონარუს 400 მომხრე დააკავეს, სამთავრობო შენობები თავისუფალია
ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები სამთავრობო კვარტალში შეიჭრნენ, დაიკავეს პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა.
ბრაზილიის პოლიციის მტკიცებით ამ დროისთვის ყველა სამთავრობო შენობა თავდამსხმელებისგან თავისუფალია, სულ დაპატიმრებულია 400 მოქალაქე.
"სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ჩვენ მალე აღვადგენთ მუშაობას. მომხდარს სათანადოდ გამოვიძიებთ. გავაგრძელებთ დამნაშავეების გამოვლენას და დასჯას",- იუსტიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის სამინისტროს წარმომადგენელმა.
კონტექსტი
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა 8 იანვარს დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო შეკრებები გამართეს, რომელზეც არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ. მალევე ბოლსონარუს მხარდამჭერებმა სამთავრობო კვარტალის შტურმი დაიწყეს - დემონსტრანტები ბრაზილიის კონგრესის, უზენაესი სასამართლოს და პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენციის შენობები დაიკავეს.
საპრეზიდენტო არჩევნები ბრაზილიაში ოქტომბერში გაიმართა, კენჭისყრის 2 ტურის შედეგად იგნასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა. მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ბოლსონარუ ფალსიფიკაციის გამოგონილ საფრთხეზე საუბრობდა და ღიად ამბობდა, რომ დამარცხების შემთხვევაში ძალაუფლებას არ დათმობდა.
ამის მიუხედავად არჩევნების მეორე ტურიდან 1-კვირიანი დუმილის შემდეგ, ბოლსონარუ მარცხს შეურიგდა. ლულას ინაუგურაცია 1 კვირის წინ შედგა. პროტესტებს გამოეხმაურა ბოლსონარუ, მისი თქმით, სამთავრობო შენობებში შეჭრა და ძარცვა გაუმართლებელია.
სამთავრობო კვარტალის შტურმის მომენტში ლულა სან-პაოლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, თუმცა მალევე დაბრუნდა - პრეზიდენტმა დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ სამართალდამცველებს ქვეყნის მასშტაბით ბოლსონარუს ბანაკების დემონტაჟი და ქუჩაში მყოფი დემონსტრანტების დაკავება დაავალა. ბრაზილიის ხელისუფლება მომიტინგეებს ტერორისტებს უწოდებს.