ახალი ამბები

14:41 | 03 ივლისი, 2026 — რუსეთი

პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ მინიმუმამდე დაეცა

"ლევადა-ცენტრის" ბოლო კვლევის შედეგების თანახმად, ვლადიმერ პუტინის საქმიანობის მოწონების რეიტინგი ივნისში 5%-ით, 74%-მდე შემცირდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მაჩვენებელი ასე მკვეთრად მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შემცირდა. ივნისში რეკორდული ტემპით შემცირდა იმ რუსეთის მოქალაქეების წილიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში საქმეები სწორი მიმართულებით მიდის.

ვითარების არსი: იმ რუსების წილი, რომლებიც არ იწონებენ პრეზიდენტის მუშაობას, 15%-დან 21%-მდე გაიზარდა. ეს არის მაქსიმუმი 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც მობილიზაცია დაიწყო.

  • მკვეთრად გაუარესდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებაც. ივნისში გამოკითხულთა მხოლოდ 52%-მა თქვა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ერთი თვით ადრე ამავე აზრზე გამოკითხულთა 61% იყო.

  • ასეთი მკვეთრი ვარდნა (ერთბაშად 11%-ით) მანამდე მხოლოდ მობილიზაციის გამოცხადებისას და სახელმწიფო დუმაში საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ კანონპროექტის წარდგენისას დაფიქსირდა.

  • კლებულობს პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის საქმიანობის მოწონების რეიტინგიც. ივნისში ეს მაჩვენებელი 68%-დან 63%-მდე დაეცა.

  • კლება განაგრძო რუსეთის მთავრობის მოწონების რეიტინგმაც - ივნისში მან 59% შეადგინა, წინა თვის 65%-თან შედარებით.

  • სახელმწიფო დუმის საქმიანობის მოწონების რეიტინგი 56%-დან 48%-მდე დაეცა.

  • ასევე გაიზარდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც ნეგატიურ ემოციებს (დაძაბულობა, გაღიზიანება, შიში, სევდა) განიცდიან. ივნისში ამ მაჩვენებელმა 29% შეადგინა, მაისის 26%-თან შედარებით.

სიღრმისეულად: რესპოდენტებმა რეიტინგების ვარდნის მიზეზებად ივნისის თვეში მომხდარ მოვლენება ასახელებენ.

  • გამოკითხვაში ყოველმა მეოთხემ (24%) დაასახელა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები, მათ შორის მოსკოვზე, ვორონეჟზე, ყირიმსა და სტარობელსკზე.
  • რესპონდენტთა კიდევ 22%-მა ბენზინთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.
  • მესამე ადგილზე, დიდი ჩამორჩენით, უკრაინაში მიმდინარე ომი აღმოჩნდა, რომელიც რესპონდენტთა მხოლოდ 7%-მა ახსენა.

კონტექსტი: უცხოურ აგენტად აღიარებული "ლევადა-ცენტრის" მონაცემები შეიძლება განიხილებოდეს როგორც იმ შეფასებების დამოუკიდებელი დადასტურება, რომლებიც მანამდე კრემლთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა, "ვციომმა" (ВЦИОМ) და "ფომმა" (ФОМ), გამოაქვეყნეს.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე