ბრიტანეთმა ბელორუსიდან ოქროს იმპორტი აკრძალა
დიდმა ბრიტანეთმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ახალი პაკეტი მიზნად ისახავს ექსპორტის შეზღუდვას და რუსეთის მიერ დასავლეთის სანქციების გვერდის ავლას.
სანქციების ახალი პაკეტი კრძალავს ოქროს, ცემენტის, ხე-ტყისა და რეზინის იმპორტს, რომლებიც ლუკაშენკოს შემოსავლის წყაროა.
"ჩვენ ასევე ვბლოკავთ ბანკნოტებისა და აღჭურვილობის ექსპორტს დიდი ბრიტანეთიდან ბელორუსში, ასევე საქონლის, ტექნოლოგიებისა და მასალების, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ახალი ზომები შესაძლებელს ხდის ბელორუსული მედიის მიერ დიდ ბრიტანეთში პროპაგანდის გავრცელების აღკვეთას.
სოციალური მედიის კომპანიები და ინტერნეტ სერვისის პროვაიდერები შეზღუდავენ წვდომას სანქცირებული ბელორუსული მედიის ვებგვერდებზე, როგორც ეს უკვე ხდება რუსული პროპაგანდისტული ორგანიზაციების შემთხვევაში.
ამ პაკეტის სხვა ღონისძიებები მიზნად ისახავს იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.