ჩეხეთის პრემიერი: უკრაინისთვის 180 ათასი ჭურვის შეძენაზე უკვე გავაფორმეთ კონტრაქტები
ჩეხეთმა, თავისი ინიციატივის ფარგლებში, უკვე გააფორმა კონტრაქტები უკრაინისთვის 180 ათასი საარტილერიო ჭურვის მიწოდებაზე და ახლა კიდევ 300 ათასის კონტრაქტებზე მუშაობს.
ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ვაშინგტონში ვიზიტის წინ Financial Times-ის სვეტში დაწერა.
"უკრაინაში ვითარება კრიტიკულია... მათ ეწურებათ საბრძოლო მასალა, რაც იმას ნიშნავს, რომ იძულებული არიან მიიღონ რთული გადაწყვეტილებები, რაც მათ უაღრესად ურთულებს ფრონტის ხაზის შენარჩუნებას - სწორედ იმ ხაზს, რომელზეც უსაფრთხოება და მთელი ევროპის მომავალია დამოკიდებული," - წერს ჩეხეთის მთავრობის მეთაური.
ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივის წარმატება აიხსნება მისი სიმარტივით.
"ჩვენ ვმუშაობთ კიდევ 300 ათასი ჭურვის მოპოვებაზე და უკვე გავაფორმეთ კონტრაქტები პირველ 180 ათასზე, ისინი უახლოეს თვეებში ჩავა უკრაინის ფრონტზე," - აღნიშნა მან.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ინიციატივას 20-მდე ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის მხოლოდ დანია და ნიდერლანდები მოიხსენია.
ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივა ასევე დასავლეთს აძლევს დროს, შეეგუოს ახალ ვითარებას, რომელშიც ომი ცვლის ჩვენს სამყაროს: "ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ უსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა უნდა მოიცავდეს მნიშვნელოვნად დიდ ინვესტიციას თავდაცვაში, რათა თავიდან აიცილოს თავდამსხმა."
მთლიანობაში, ჩეხეთმა მილიონზე მეტი ჭურვი იპოვა მთელ მსოფლიოში, რომლის შეძენაც შესაძლებელია უკრაინისთვის ევროპის გარეთ.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტომას პოიარმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის ინიციატივით შეძენილი ჭურვები უკრაინაში უკვე ივნისში შეიძლება ჩავიდეს.