ჩინეთი ბორელის მიღებაზე უარს ამბობს
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი ჩინეთმა გააუქმა.
"სამწუხაროდ, ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ დაგეგმილ თარიღებში ვიზიტი მომავალ კვირაში აღარ არის შესაძლებელი და ჩვენ ახლა უნდა ვეძებოთ ალტერნატივა," - თქვა ევროკავშირის სპიკერმა ნაბილა მასრალიმ.
ვიზიტის გაუქმების მიზეზები არ სახელდება.
ბორელი პეკინში 10 ივლისს უნდა ჩასულიყო, რათა თავის ჩინელ კოლეგას შეხვედროდა და განეხილა "სტრატეგიული საკითხები," მათ შორის ადამიანის უფლებები და რუსეთის ომი უკრაინაში.
ევროკავშირის ელჩმა ხორხე ტოლედომ კვირას, პეკინში მიმდინარე მშვიდობის მსოფლიო ფორუმზე თქვა, რომ ჩინეთსა და ევროპას სავარაუდოდ ექნება ორი პირდაპირი დიალოგი სექტემბერში, ერთი ეკონომიკასა და ვაჭრობაზე და მეორე ციფრულ საკითხებზე.
"ჩვენ გვინდა ჩინეთთან ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება პროგრესი და ეს გვჭირდება წელს," - თქვა ტოლედომ.
ბორელის ვიზიტი ჩინეთში წელს მეორედ გაუქმდა. აპრილში მან გამგზავრება COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხის გამო ვერ შეძლო.
აპრილში, პეკინში გამოსვლისთვის მომზადებულ სიტყვაში ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ჩინეთს ენდოს, თუ მას არ სურს მშვიდობა უკრაინაში.