დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარასკევს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს კურორტზე შეხვდა.
აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ორი პოლიტიკოსის ურთერთობა გაუარესდა, თუმცა, შეხვედრისას ისინი ამას არ იმჩნევდნენ. იქამდე მათ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებდათ.
"ჩემთვის პატივია. შემოდით, შემოდით," - თქვა ტრამპმა, როცა ნეთანიაჰუმ და მისმა მეუღლემ სარამ მარ-ა-ლაგოს შესასვლელის კიბეებზე აიარეს.
"ეს იყო საუკეთესო ვახშამი, რაც კი ოდესმე მომიმზადებია," - უთხრა ტრამპმა ნეთანიაჰუს, შესაძლოა მიუთითა წინა შეხვედრაზე, როდესაც ის პრეზიდენტი იყო.
ნეთანიაჰუს ოფისმა ცალკე გამოაქვეყნა შეხვედრის ვიდეო, სადაც ტრამპს გადასცეს 4 წლის მძევალის, არიელ ბიბასის სურათი, რომელიც "ჰამასმა" მშობლებთან და პატარა ძმასთან ერთად გაიტაცა, ნირ ოზის კიბუციდან.
ნეთანიაჰუმ ტრამპს უთხრა, რომ არიელის ბაბუამ სთხოვა, მისთვის ფოტო გადაეცა.
"ჩვენ ამას მივხედავთ," - უპასუხა ტრამპმა, როდესაც ისინი სხვა სურათს იღებდნენ.
შემდეგ ნეთანიაჰუმ ამოიღო ლურჯი ქუდი წარწერით "სრული გამარჯვება", რაც გულისხმობს ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" სრულ განადგურებას. ამ მიდგომას ბაიდენის ადმინისტრაცია და ისრაელის შიგნით ოპოზიციის ნაწილი მკვეთრად აკრიტიკებს, რადგან ის არარეალისტურად მიაჩნიათ.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ნეთანიაჰუსთან "ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა."
ყოფილმა პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც.
"ვფიქრობ, მისი გამონათქვამები უპატივცემულო იყო. არ იყო ძალიან ლამაზი ისრაელთან დაკავშირებით. მე ნამდვილად არ ვიცი, როგორ შეუძლია მას ხმა მისცეს ებრაელმა ადამიანმა. მაგრამ ეს მათზეა დამოკიდებული," - თქვა ტრამპმა. "მაგრამ ის ნამდვილად უპატივცემულო იყო ისრაელის მიმართ, ჩემი აზრით."