დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

22:31 | 02 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

გონჩარენკო: უკრაინა ომს აგებს, მთელი ქვეყნის ნატოსთვის სიკვდილი აბსურდია

უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ომის დასრულების საკუთარი ხედვა გამოაქვეყნა და რუსეთთან "ყველაფერზე" მოლაპარაკება მოითხოვა, რადგან უკრაინა ომს აგებს. მისი პარტია, "ევროპულ სოლიდარობა" დეპუტატს გაემიჯნა და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის მშვიდობა კაპიტულაციას არ უნდა ნიშნავდეს


ვითარების არსი: "ახლა რეალობა ასეთია: ჩვენ ვაგებთ ომს; ვკარგავთ უამრავ ადამიანს; არ გვაქვს საკუთარი ფული არა მხოლოდ ომის წარმართვისთვის, არამედ ქვეყნის ფუნქციონირებისთვისაც კი; ვკარგავთ ბიზნესსა და ეკონომიკას. 100 წლის განმავლობაში პირველად, ერთ კვირაში არცერთი ტონა ფოლადი არ ჩამოგვისხამს; და მართლაც, ყოველ ჯერზე პირობები, რომლებსაც ვიღებთ, წინა პირობებზე უარესია." - დაწერა გონჩარენკომ სოციალურ ქსელებში.


  • გონჩარენკომ "რეალობასთან" დაბრუნება და "თვალების გახელა" მოითხოვა, რადგან "ფული ღირებულებებზე მნიშვნელოვანია."
  • "და თუ ჩვენი მოკავშირეებისთვის ფულია მნიშვნელოვანი, ხოლო ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებს ენერგორესურსებზე დაბალი ფასები სურთ, და რუსეთს სანქციებს მაინც მოუხსნიან, მაშინ, ეგებ სულელები არ ვიყოთ და ვეცადოთ ამით სარგებლის მიღებას? მაგალითად, თვითონ გამოვიდეთ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ინიციატივით, ნებისმიერი შორ მანძილზე დარტყმების შეწყვეტის, შავი ზღვის განბლოკვისა და საბრძოლო მოქმედებების დონბასის ფრონტის მონაკვეთით შეზღუდვის სანაცვლოდ," - თქვა დეპუტატმა.
  • ამის გამო გონჩარენკოს სურს "მოლაპარაკება ყველგან, სადაც კი შესაძლებელია."
  • "ჩვენ არ შეგვიძლია ერთბაშად შევთანხმდეთ ომის დასრულებაზე. მოდით, შევთანხმდეთ ყველაფერზე... როდესაც ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყებთ შეთანხმებას და დავიცავთ ამ შეთანხმებებს, თანდათან შესაძლებელი გახდება რაღაც უფრო დიდზე შეთანხმებაც. და, საბოლოოდ, მშვიდობის მიღწევა," - დაწერა გონჩარენკომ.


სტრიქონებს შორის: უკრაინის სახალხო დეპუტატს მიაჩნია, რომ რუსეთს უნდა მიეცეს სიგნალი, მაგალითად, ნატოს კონტექსტში ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით: "ნატოს წევრობისთვის მთელი ქვეყნის სიკვდილი აბსურდია."


  • მისი აზრით, შესაძლებელია ისტორიული მეხსიერების საკითხების გადააზრება, რომლებიც ეხება "უცნობი ჯარისკაცის" ძეგლების აღებას, რუსულ ენასა და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას.
  • ყველაზე რთულ საკითხად, გონჩარენკოს აზრით, დონბასის საკითხი რჩება. შემდეგ შესაძლებელია გამოსვლა და იმ ფორმულის ძიება, თუ როგორ გადაიჭრას ეს საკითხი.
  • მისი თქმით, დარტყმების შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელი იქნება შეთანხმება "ფრონტის ხაზზე გაჩერებაზე, ნეიტრალურ ზონაზე, როგორც რუსული, ისე უკრაინული ჯარების გაყვანასა და გაეროს კონტროლქვეშ მყოფ ზონაზე."
  • "მაგრამ ჩვენ მცირედით უნდა დავიწყოთ და თანდათან მივიდეთ ყველა საბრძოლო მოქმედების შეწყვეტამდე. სხვა ვარიანტი არ არსებობს. ჩვენ ვცადეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო. ჩვენ ვერ დავამარცხებთ რუსეთს. რუსეთი ვერ დაგვამარცხებს ჩვენ," - მიაჩნია გონჩარენკოს.


დიდი სურათი: პასუხად მისმა პარტიამ, "ევროპულმა სოლიდარობამ" განცხადება გავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ "მშვიდობა არ შეიძლება ნიშნავდეს უკრაინული სახელმწიფოებრიობისა და იდენტობის კაპიტულაციას."


  • პეტრო პოროშენკოს პარტიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ "პასუხისმგებლიანი უკრაინელი პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით ახალი გახეთქილების შექმნით კი არ უნდა იყვნენ დაკავებული, არამედ უნდა გაერთიანდნენ იმის ირგვლივ, რაც რეალურად განსაზღვრავს ჩვენს გადარჩენას: შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის, სახელმწიფოს განმტკიცების, აქტიური დიპლომატიისა და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის ირგვლივ ომის დასასრულებლად."
  • "მშვიდობა - ეს არის უკრაინა, რომელიც ომის შემდეგ დარჩება ძლიერი, შეიარაღებული, დემოკრატიული, ევროპული და უკრაინული. საკუთარი არმიით. საკუთარი ენით. საკუთარი რწმენით," - ნათქვამია განცხადებაში.


კონტექსტი: კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის კვლევით, უკრაინელების 77%-ს მიაჩნია, რომ მაშინაც კი, თუ ზამთარში რუსეთი შეეცდება გაანადგუროს უკრაინის ენერგეტიკული სექტორი, რათა ადამიანები ელექტროენერგიის, გათბობისა და კანალიზაციის გარეშე დატოვოს, უკრაინამ მაინც უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა რუსეთს წინააღმდეგ.


  • კვლევა 2026 წლის 21 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ჩატარდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე