"დროა დავიბრუნოთ ამერიკა",- ტრამპი 2024 საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთვება
აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციას შეკრებილ მიტინგზე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გამოაცხადა.
დონალდ ტრამპმა დიდი განაცხადი ჯერ კიდევ შუალედურ არჩევნებამდე დააანონსა და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების დამარცხებას ტრამპის გეგმები არ შეუცვლია.
"რათა ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ, დღეს საღამოს მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე", - განაცხადა დონალდ ტრამპმა საკუთარ მომხრეებთან შეხვედრაზე.
ტრამპის თანაშემწეებმა უკვე შეიტანეს შესაბიმისი განაცხადი აშშ-ის ფედერალურ საარჩევნო კომისიაში.
კონტექსტი
აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "შედეგები გარკვეულწილად იმედგამაცრუებელია", თუმცა მომხდარს მისი "პერსონალური გამარჯვება" უწოდა.
ტრამპის რიტორიკის მიუხედავად, რესპუბლიკური პარტიის შედეგები გაცილებით უფრო მოკრძალებული აღმოჩნდა, ვიდრე პროგნოზირებდნენ. არ შედგა ე.წ. წითელი ტალღაც, რომელიც რესპუბლიკელების მიერ ორივე პალატაში მყარი უმრავლესობის მოპოვებას გულისხმობდა.
ამ დროისთვის უკვე დადასტურებულად ცნობილია, რომ დემოკრატიულმა პარტიამ მოახერხა უმრავლესობის შენარჩუნება სენატში, ხოლო ქვედა პალატაში რესპუბლიკულ პარტიას პროგნოზირებულზე ბევრად უფრო მცირე უმრავლესობას უწინასწარმეტყველებენ.