ერდოღანმა საპრეზინდეტო არჩევნების თარიღი 1 თვით ადრე გადმოიტანა
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიპ ერდოღანის სიტყვებს გაზეთი Cumhuriyet ავრცელებს.
"მე მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს იმისთვის, რომ ერთად ყოფნის უფლება მოგვცა, ერთად ყოფნის უფლება საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 14 მაისს გაიმართება",- განაცხადა ერდოღანმა ბურსაში ახალგაზრდებთან შეხვედრისას.
თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის რიგგარეშე არჩევნები, არამედ მხოლოდ თარიღის ცვლილება.
კონტექსტი
თავდაპირველი გეგმით საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 18 ივნისს, ერთ დღეს უნდა ჩატარებულიყო. მიუხედავად ამისა ადგილობრივი მედია ბოლო თვეებში ხშირად იწერებოდა, რომ ერდოღანი თარიღის ცვლილებას განიხილავდა.
ახალგაზრდებთან საუბარში ერდოღანმა ხაზი გაუსვა 14 მაისის მნიშვნელობას - ამ დღეს 1950 წელს არჩევნებში ქემალისტების მოწინააღმდეგე ოპოზიციურმა პარტიებმა გაიმარჯვეს.
"73 წლის შემდეგ ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს პუტჩისტებს ექვსთა ბლოკიდან (ოპოზიციური პარტიების ალიანსი)",- თქვა ერდოღანმა.
არაერთი კომენტატორის აზრით ახალი თარიღის მიზანი უფრო მეტი მხარდაჭერის მობილიზებაა - 14 მაისი რელიგიური თურქებისთვის სიმბოლური და მნიშვნელოვანი თარიღია.
1950 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ადნან მენდერესმა და მისი დემოკრატიული პარტიამ საზოგადოების რელიგიური ნაწილისთვის სასარგებლო რეფორმები წამოიწყო.
მენდერესის მმართველობა 1961 წელს მორიგი სამხედრო გადატრიალების შემდეგ შეწყდა - მენდერესის დააპატიმრეს და ჩამოახრჩვეს. მენდერესი მემარჯვენე განწყობების მქონე თურქეთისთვის საკრალურ ფიგურად იქცა.