ევროკავშირი: ირანის ბირთვული შეთანხმების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს ვართ
საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ მხარეები ირანის ბირთვული ხელშეკრულების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს არიან.
„ვფიქრობ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვდგავართ და ვიმედოვნებ ეს შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა დოჰას ფორუმზე გამოსვლისას.
2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ატომურ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ.
2018 წელს შეთანხმება აშშ-მ ცალმხრივად დატოვა. პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაცია ხელშეკრულების აღდგენას ცდილობს.
მას შემდეგ ირანმა ურანის დაშვებულ ზღვარზე მეტად გამდიდრება განაგრძო.
ხელშეკრულების გასაახლებლად მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ირანს, რუსეთს და ჩინეთს შორის გასული წლის ნოემბერში დაიწყო.
ვენის მოლაპარაკებებს აშშ-ს დელეგაციაც ესწრებოდა.
ირანის ხელშეკრულების დაბრუნება თეირანს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ექსპორტისთვის გაუხსნის გზას, რამაც ენერგომატარებლების რეკორდულად მაღალი ფასები შესაძლოა შეამციროს.
ცოტა ხნის წინ მოსკოვმა მოთხოვნების სია გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც განახლებულ ხელშეკრულებაში რუსეთ-ირანის ვაჭრობის შესახებ გარანტიები უნდა ჩაიდოს.
ზოგიერთმა ანალიტიკოსმა რუსეთის ქმედება ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციისთვის ხელის შეშლად აღიქვა.