ევროპარლამენტარები სომხეთში დაკავებული ქართველი მეომრის გათავისუფლებას ითხოვენ

ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრები ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავენ, რომ ჩაერთოს სომხეთში დაკავებული ქართველი ჯარისკაცის — გიორგი კინოიანის საქმეში, რომელშიც რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება.
საქმის არსი: 7 სექტემბერს მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი გიორგი კანოიანი სომხეთში, რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი 3 სექტემბერს, საზღვრის კვეთის დროს აიყვანეს და 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობის ქვეშ იმყოფება. ამ ვადის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ სომხეთს შესაბამისი მასალები უნდა მიაწოდოს, რის შემდეგაც სომხეთის ხელისუფლება გადაწყვეტს, დააკმაყოფილოს თუ არა მოთხოვნა.
ამ ვითარებიდან გამომდინარე, პოლონელმა ევროდეპუტატმა კჟიშტოფ ბრეიჟამ სხვა დეპუტატებთან ერთად ურსულა ფონ დერ ლაიენს საჯარო წერილი გაუგზავნა. მისი თქმით, „დუმილი ან საქმის გადადება ახლა გამოსავალი არ არის“ და ყველამ უნდა იმოქმედოს ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის დასაცავად.
მიმართვას, რომელსაც ექვსი დეპუტატი აწერს ხელს, ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს საკითხი უმაღლესი პოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭოს და შესაბამისად მოიქცეს, რადგანაც ქართველ სამხედროს ექსტრადიციის შემთხვევაში - წამება, პოლიტიკური პატიმრობა და სიკვდილი ელოდება.
"რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ერევნიდან, ოფიციალური გზავნილი არ მიუღიათ. ეს ინფორმაცია მათთვის ცნობილი ჯარისკაცის ოჯახის წევრების მხრიდან გახდა.
კონტექსტი: გიორგი კინოიანი რუსების წინააღმდეგ უკრაინაში ომის საწყის პერიოდში აქტიურად იბრძოდა. არსებული ინფორმაციით, მის წინააღმდეგ დონეცკის მარიონეტული რეჟიმის სასამართლომ დაუსწრებლად გადაწყვეტილება გამოიტანა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ეს არ არის ერთეული შემთხვევა, რადგანაც რუსეთს თითქმის ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ იბრძოდა, საერთაშორისო ძებნაში ჰყავს გამოცხადებული.