FT: დონორებს საპრეზიდენტო კანდიდატად ნიუსომის ან უიტმერის ხილვა სურთ

დემოკრატიული პარტიის დონორები ჯო ბაიდენის კანდიდატურის ჩასანაცვლებლად კალიფორნიის ან მიჩიგანის გუბერნატორით სურთ. 

ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს. 

წყაროების ცნობით, დონორების მზარდი უკმაყოფილება და ალტერნატიულ კანდიდატებზე ფოკუსირება პარტიაში საპრეზიდენტო დებატების შემდეგ შექმნილ ურთულეს მდგომარეობას გამოხატავს. 

დემოკრატიული პარტიის უმსხვილესი დონორების აზრით, ბაიდენის "სიჯიუტე" უბრალოდ ავადებს გარდაუვალს - "ბაიდენის კანდიდატურა განწირულია, მე ჯოს უდიდესი გულშემატკივარი ვარ, ის გასაოცარი სახელმწიფო მოღვაწეა, მაგრამ მისი კანდიდატურა განწირულია",- ამბობს გაზეთთან საუბარში ერთ-ერთი დონორი. 

ამ ფონზე დონორების ფოკუსში კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი და მიჩიგანის გუბერნატორი, გრეჩენ უიტმერი არიან. დონორების აზრით, ორივე მათგანს ტრამპის დამარცხების საკმაოდ მაღალი შანსი აქვს. ალტერნატიულ კანდიდატებს შორის კვლავ მოიაზრება ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი. 

ნიუსომიც და უიტმერის მონაწილეობდნენ 3 ივლისს ბაიდენის შტაბის მიერ დაორგანიზებულ საგანგებო შეხვედრაში. დებატების შემდეგ ორივე მათგანმა ღიად დაუჭირა მხარი ჯო ბაიდენს, თუმცა წყაროების ცნობით, ორივე გუბერნატორის გარემოცვა აქტიურად მუშაობს დონორებთან დაფინანსების მოსაზიდად იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპრეზიდენტო რბოლაში შესვლას გადაწყვეტენ. 

საყურადღებოა, რომ უიტმერი ამავდროულად ბაიდენის საარჩევნო შტაბის თანა-თავმჯდომარეა, პოლიტიკოსი სოციალურ ქსელებში აქტიურად უჭერს მხარს ბაიდენის კანდიდატურას, თუმცა დონაციებისთვის საკუთარი კამპანიის კომიტეტის ბმულს ავრცელებს. 

უიტმერი დაესწრება მომავალ კვირას აიდაჰოში გასამართ ტექნოლოგიური და მედია კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრას, რომელზეც უიტმერი შეძლებს პარტიის უმსხვილეს დონორებთან გასაუბრებას. 

კიდევ უფრო დიდი ხანია საუბრობენ გევინ ნიუსომის კანდიდატურაზე, მეტიც ამერიკული მედიის ცნობით, კალიფორნიის გუბერნატორი თვეების განმავლობაში ჩრდილოვან კამპანიასაც აწარმოებდა. ამ კონტექსტში ხშირად ახსენებენ ნიუსომის წარმატებულ დებატებს რონ დესანტისთან, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძოდა. 

წყაროების ცნობით, დონორების უმრავლესობა უიტმერის კანდიდატურისკენ იხრება - მათი აზრით, ერთ-ერთი მერყევი შტატის (მიჩიგანის) გკონუბერნატორს მეტი შანსი ექნება დაამარცხოს დონალდ ტრამპი სხვა მერყევ შტატებშიც. 2022 წლის არჩევნებზე უიტმერმა მიჩიგანში დამაჯაერებელი 10%-იანი სხვაობით გაიმარჯვა. 

"როცა საქმე არჩევნებს ეხება მიჩიგანი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შტატია, ვიდრე კალიფორნია",- ამბობს პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. 

კონტექსტი 

29 ივნისს დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენის შორის გამართული საპრეზიდენტო დებატების პირველი რაუნდი უკანაკსნელისთვის კატასტროფულად დასრულდა. ტელემაყურებლებისა და ანალიტიკოსების უმრავლესობამ ტრამპს დამაჯერებელი გამარჯვება მიანიჭა. 

მალევე დემოკრატიული პარტიის მაღალჩინოსნებსა და დონორებს შორის ჯო ბაიდენის კანდიდატურის ჩანაცვლებაზე ალაპარაკდნენ. ბაიდენის კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა New York Times რამდენიმე კოლუმნისტმა, მათ შორის ჯო ბაიდენის მეგობარმა, ტომას ფრიდმანმა, ასევე პოლ კრუგმანმა, ფრენკ ბრუნიმ. გარდა ამისა ცალკე გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორტა საბჭოს წერილი, რომელშიც ჟურნალისტები მოუწოდებდნენ ბაიდენს გზა ახალგაზრდა დემოკრატისთვის დაეთმო. 

თავად ბაიდენმა, დებატების შემდგომ დღეს აღიარა, რომ არ ჰქონდა ყველაზე წარმატებული საღამო, თუმცა დასძინა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში ბოლომდე დარჩება. ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწებენ ბაიდენს ოჯახის წევრებიც. 

3 ივლისს New York Times ბაიდენის გარემოცვის ახლო წევრზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტი განიხილავს კანდიდატურის მოხსნას და მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მომდევნო დღეები იქნება.

მსგავსი სიახლეები