FT: ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით გახდება ევროკომისიის პრეზიდენტი
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მაღალი ალბათობით მხარს დაუჭერენ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით დანიშვნას.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times წერს.
გაზეთის ცნობით, ევროკომისიისა და სხვა სტრუქტურების ახალი ხელმძღვანელების შესახებ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას დღეს, ბრიუსელში გასამართ სადილზე მიიღებენ.
"არავინ განიხილავს სხვა შედეგს (რედ. ფონ დერ ლაიენის ახალი ვადის გარდა)",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთან გარდა ფონ დერ ლაიენს ახლადარჩეული ევროპარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერაც დასჭირდება.
არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერები დარწმუნებული არიან, ევროპარლამენტში უმრავლესობის მოპოვება პრობლემური არ იქნება.
კონტექსტი
ფონ დერ ლაიენის პრეზიდენტობას რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა დაემთხვა, მათ შორის კორონავირუსის პანდემია და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყება უკრაინაში. ევროგაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ფონ დერ ლაიენი ეექტურად გაუმკლავდა ამ რთულ გამოწვევებს, თუმცა ზოგიერთ დედაქალაქში მას ხშირად აკრიტიკებენ ძალაუფლების "გადაჭარბების" გამო.
ფონ დერ ლაიენის კამპანიაში ძირითადი აქცენტი სტაბილურობის მნიშვნელობას ეძღვნებოდა, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომისა და აშშ-ში დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების გაზრდილი შანსების ფონზე.
ეს აქცენტი კიდევ უფრო გააძლიერა ემანუელ მაკრონის მიერ საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის გადაწყვეტილებამ, რომელზეც ფრანგ ულტრა-მემარჯვენეების გამარჯვების დიდი შანსი აქვთ.
ბრიუსელში გასამართ სადილზე განიხილავენ ევროსაბჭოს ახალი პრეზიდენტის კანდიდატურასაც - გაზეთის წყაროების ცნობით, ამ პოსტზე ფავორიტად პორტუგალიის ყოფილი პრემიერი, ანტონიუ კოშტა მიიჩნევა, ხოლო ბორელის შემცვლელად ესტონეთის პრემიერი, კაია კალასი - თუმცა წყაროების ცნობით, ამ კანდიდატურებზე საბოლოო კონსენსუსი ჯერ არ არსებობს.