16:23 | 14 სექტემბერი, 2026 — უკრაინა
დონეცკის დაბომბვის შედეგად, მოკლულია რუსი გენერალი მილჩაკოვი - Z-ბლოგერები
დონეცკში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი მილჩაკოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შტაბის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ანონიმური ტელეგრამ-არხი Незыгарь იუწყება.
ვითარების არსი: პარალელურად, რუსულ მედიასა და Z-ბლოგერებში ქაოსის ნიშნები ჩანს - მათ მოკლული გენერალი დივერსიულ-საიერიშო სადაზვერვო ჯგუფ "რუსიჩის" მეთაურ ალექსეი მილჩაკოვში აერიათ და სოციალურ ქსელებში ნეკროლოგების გამოქვეყნება დაიწყეს.
Незыгарь-ის ცნობით, 51-ე არმიის სარდალი სერგეი მილჩაკოვი დონეცკში მდებარე შტაბზე სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი კრემლს ჯერ არ გაუკეთებია.
ჩაშლილად: მანამდე, პროპაგანდისტული გამოცემა Daily Storm-ის დამფუძნებელმა, ანასტასია კაშევაროვამ განაცხადა, რომ "ფრონტმა ერთ-ერთი გმირი დაკარგა." მისი თქმით, მოწინააღმდეგემ დარტყმა ზუსტად განახორციელა, რაც ადგილმდებარეობის შესახებ შიდა ინფორმაციის გაჟონვაზე მიუთითებს.
მოგვიანებით კაშევაროვამ დააზუსტა, რომ დაღუპულის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება და საზოგადოებას მოუწოდა ოფიციალურ განცხადებას დაელოდონ.
- გენერალ სერგეი მილჩაკოვის გარდაცვალების ცნობის პარალელურად, Z-ბლოგერმა ასლან რუბაევმა და სამხედრო კორესპონდენტმა იური კოტენოკმა შეცდომით გამოაქვეყნეს ინფორმაცია "რუსიჩის" მეთაურის, ალექსეი მილჩაკოვის დაღუპვის შესახებ.
დიდი სურათი: თუ გენერლის სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდება, სერგეი მილჩაკოვი გახდება 23-ე რუსი გენერალი, რომელიც უკრაინასთან ომში დაიღუპა.
- დონეცკში 51-ე არმიის შტაბის დაბომბვის შესახებ ცნობები აგვისტოს ბოლოს უკრაინულმა წყაროებმაც გავრცელეს.
- 51-ე არმია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.
- იგი 2024 წელს, ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის" 1-ლი საარმიო კორპუსის ბაზაზე შეიქმნა.
- სერგეი მილჩაკოვმა აღნიშნული კორპუსი 2022 წელს ჩაიბარა მას შემდეგ, რაც წინა მეთაური პოპასნაიასთან ბრძოლაში დაიღუპა. 2024 წელს მილჩაკოვს "რუსეთის გმირის" წოდება მიენიჭა. ის ხელმძღვანელობდა ოპერაციებს ავდიივკასა და ნიუ-იორკზე შტურმის დროს.