გერმანია და იაპონია ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე თანამშრომლობას გააძლიერებენ
გერმანია და იაპონია შაბათს შეთანხმდნენ, ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა გააძლიერონ. ამის შესახებ POLITICO წერს.
კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტოკიოში განაცხადა, რომ გერმანიას ჩინური ნედლეულის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება სურს.
"ჩვენი დროის გამოწვევები ცხადყოფს: მნიშვნელოვანია ახლო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოება და ახალი პარტნიორების შეძენა. ჩვენ გვინდა შევამციროთ დამოკიდებულებები და გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკის მდგრადობა." - დაწერა გერმანიის ლიდერმა Twitter-ზე.
შოლცმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადეს, რომ მათი აზრით, შეთანხმება ორივე ქვეყანას მისცემს მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის საშუალებას.
ორმა ქვეყანამ ერთობლივად განაცხადა, რომ ისინი იმუშავებენ ორმხრივი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობისთვის საკანონმდებლო ბაზაზე, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, სავაჭრო გზების დაცვისა და მდგრადი ენერგიის მიწოდების უზრუნველყოფის გზების ჩათვლით.
გერმანიამ იაპონიასთან კონსულტაციების ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აზიურმა ქვეყანამ შარშან ეკონომიკური უსაფრთხოების კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ტექნოლოგიების ათვისების უზრუნველყოფას.
იაპონია აზიაში ჩინეთის შემდეგ გერმანიის მეორე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 45.7 მილიარდი ევროა, რაც ძირითადად მანქანების, ელექტრონიკის და ქიმიური პროდუქტების იმპორტსა და ექსპორტს მოიცავს.