გრეფი: რუსეთის ეკონომიკური ზრდა განულდა, დაიწყო ტექნიკური სტაგნაცია

გერმან გრეფის თქმით, მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები პრაქტიკულად განულებულია, რაც სტაგნაციის დაწყების მაჩვენებელია. 

ვითარების არსი: ამის შესახებ რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ბანკის პრეზიდენტმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა - გრეფის შეფასებები დაემთხვა კიდევ ერთი უმსხვილესი ფინანსური კონგლომერატის ვებ.რფ-ის პროგნოზებს. 

  • "მეორე კვარტალი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ტექნიკური სტაგნაცია. ივლისისა და აგვისტოს მონაცემები მოწმობს, რომ ჩვენ ვუახლოვდებით ნულოვან მაჩვენებლებს"- განაცხადა გრეფმა. 

  • ამასთანავე გასულ კვირას განსხვავებული პროგნოზი გააჟღერა ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა, რომლის თქმითაც, ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ჯამურად 2025 წელს მაინც 1.5%-ს გაუტოლდება. 

ჩაშლილად: ზრდის პრაქტიკული განულების ერთ-ერთ მიზეზად გრეფმა მაღალი ინფლაციის მოსათოკოდ დაწესებული მაღალი საბაზისო განაკვეთები დაასახელა - სბერბანკის პროგნოზის მიხედვით, წლის ბოლოს საბაზისო განაკვეთი მიმდინარე 18-დან შესაძლოა 14%-მდე შემცირდეს. 

  • ამასთანავე გრეფი მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდის გამოცოცხლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაზისო განაკვეთი 12%-ს ჩამოცდება. 

  • გრეფის თქმით, უკვე მრავალი თვეა კერძო საუბრებში ჩინოვნიკებს უზიარებს ბანკების "საგანგაშო პროგნოზებს"- სბერბანკის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა არ დაუშვებს ეკონომიკური რეცესიის ფაზაში გადასვლას.

კონტექსტი: ივნისის მიწურულს Bloomberg ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ კერძო საუბრებში რუსი ბანკირები და ფინანსისტები გაურესებულ ეკონომიკურ ვითარაბასა და ქვეყანაში ფინანსური კრიზისის გაზრდილ რისკებზე მიუთითებდნენ. 

  • ქვეყნის უმსხვილესი ბანკების შფოთვის საფუძველი "გაფუჭებული" საცალო და კორპორაციული სესხების სწრაფად მზარდი მოცულობა იყო - მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო სულ უფრო მეტ მსესხებელს უჭირს თავისი ფინანსური ვალდებულებების შესრულება. 

  • "საბანკო სფეროს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები პირად საუბრებში ფინანსურ სექტორში შექმნილ ვითარებას საშიშს უწოდებენ და მიუთითებენ, რომ გარემო პირობების შეცვლის გარეშე მომდევნო წელს სრულმასშტაბიანი ფინანსური კრიზისის შანსი დიდია"- ნათქვამია მასალაში. 
  •  

მსგავსი სიახლეები