გუშინ დონბასელმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 65-ჯერ დაარღვიეს
18 თებერვალს, 22:00 საათისთვის, დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 65-ჯერ დაარღვიეს, მათგან 51-ჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალები ავრცელებს.
"მტერმა გამოიყენა 122 მმ-იანი საარტილერიო სისტემები, 120 და 82 მმ-იანი ნაღმტყორცნები, სხვადასხვა სისტემების ყუმბარმტყორცნები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და მძიმე ტყვიამფრქვევები. განსაკუთრებით ცინიკური იყო შჩასტიას საგუშაგოს დაბომბვა, სადაც გაეროს უმაღლესი კომისრის აპარატის ჰუმანიტარული კოლონა იმყოფებოდა. მათ წინააღმდეგ მტერმა 82 მმ-იანი ნაღმტყორცნები, ავტომატური ყუმბარმტყორცნები და მძიმე ტყვიამფრქვევები გამოიყენა", - აცხადებენ შტაბში.
საგუშაგოს დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა.
გაერთიანებული ძალების შტაბმა განმარტა, რომ ბოევიკები დასახლებული პუნქტებიდან ისვრიან და საარტილერიო სისტემები საცხოვრებელ კორპუსებთან აქვთ განთავსებული.
"ამგვარი ქმედებებით მტერი ცდილობს აიძულოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები საპასუხო ცეცხლის გახსნან, რათა უკრაინელი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში დაადანაშაულოს." - აღნიშნეს შტაბში.
18 თებერვალს არცერთი უკრაინელი სამხედრო არ დაშავებულა.