იარაღის ფანი, რომელმაც თავი რესპუბლიკელად გაასაღა - რა ვიცით მეთიუ კრუქსზე

დონალდ ტრამპზე თავდასხმელი, პენსილვანიის ქალაქ ბეტელ-პარკში მცოვრები, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი აღმოჩნდა. 

ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. 

პირველადი ცნობებით, თავდამსხმელი დონალდ ტრამპის გამოსვლის ადგილიდან დაახლოებით 140 მეტრში მდებარე შენობის სახურავიდან ისროდა. 

მეთიუ კრუქსმა სკოლა 2020 წელს დაასრულა, მისი სახელი ფიგურირებს ადგილობრივი მუნიცაპალიტეტის მიერ ორგანიზებული მათემატიკის შეჯიბრი პრიზიორებს შორის. მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები კრუქსისთვის პირველი უნდა ყოფილიყო. 

СNN-ის ცნობით, მეთიუ კრუქსი რეგისტრირებულ იყო რესპუბლიკური პარტიის მომხრედ - ამის შესახებ პენსილვანიის ამომრჩეველთა ბაზიდან ხდება ცნობილი. 

ამასთანავე 2021 წლის 20 იანვარს (ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს) კრუქსმა 15 დოლარი გადაურიცხა Proggresive Turnout Project-ს - დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერ მოძრაობას. 

CNN ესაუბრა თავდამსხმელის მამას, რომელმაც უარი თქვა მედიასთან კომუნიკაციაზე, სანამ სამართალდამცველებს არ დაელაპარაკება. სოციალურ ქსელებში ვრცელდება სროლის კადრებიც, რომელზეც ჩანს როგორ ხსნიან საპასუხო ცეცხლს საიდუმლო სამსახურის სნაიპერები. 

ასევე ვრცელდება ფოტო, რომელზეც ლიკვიდირებული თავდამსხმელის ცხედარი სამართალდამცველები ათვალიერებენ. ამავე ფოტოზე ჩანს, რომ კრუქსს ეცვა მოლურჯო მაისური, სახელურზე ამერიკის დროშით. 

მაღალი ალბათობით, საუბარია პოპულარული იუთუბ არხის DemolitionRanch-ის მაისურზე - არხს 12 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და შეიარაღებას ეძღვნება. 

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თავდამსხმელის მანქანაში სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს - იარაღი, რომლიდანაც კრუქსი ისროდა მამამისის მიერ ლეგალურად შეძენილი შაშხანაა. 

კონტექსტი

14 ივლისს პენსილვანიის ქალაქს ბატლერში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს ესროლეს. შროლას ემსხვერპლა ერთი თვითმხილველი, მძიმედ დაიჭრა 2. 

თავდასხმიდან მალევე დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსი თავს კარგად გრძნობდა და ადგილობრივ კლინიკაში შემოწმებაზე იმყოფებოდა. 

მალევე გავრცელდა, თავად ტრამპის განცხადება, რომელშიც ის მადლობას უხდიდა საიდუმლო სამსახურის აგენტებსა და სამართალდამცველებს. 

მომხდარს ოპერატიულად საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ჯო ბაიდენი, რომელმაც დაგმო მომხდარი. თავდასხმიდან რამდენიმე საათში ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის შედგა სატელეფონო საუბარიც - თეთრი სახლის ცნობით, საუბარი მოკლე და გამოხატულად ურთიერთ პატივისმცემლური იყო. 

უკვე დილის საათებში გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ხაზს უსვამდა "ამ რთულ მომენტში ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობასა."

მსგავსი სიახლეები