ICC-ის პროკურორი ნეთანიაჰუსა და სინვარის დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს - CNN

CNN-ის ჟურნალისტთან, ქრისტიან ამანპურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა, განაცხადა, რომ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და "ჰამასის" ლიდერის, იაჰია სინვარისა წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.

ICC-ის პროკურორი ინტერვიუში ამბობს, რომ ბრალდების საფუძველს 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმა და, შემდგომ, ისრაელის მხრიდან ღაზაში დაწყებული ომი წარმოადგენს.

ხანის განცხადებით, ის ასევე მოითხოვს დაკავების ორდერები გაიცეს ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და "ჰამასის" დაჯგუფების ორი ლიდერის - ალ-ქასამის ბრიგადების მეთაურის, მოჰამად დიაბ იბრაჰიმ ალ-მასრიას (იგივე მოჰამად დაიფი) და ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს წინააღმდეგ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ICC-ის სასამართლოს ორდერის სამიზნეს ისრაელელი პოლიტიკოსები წარმოადგენენ, მათ შორის, ქვეყნის ლიდერი და აშშ-ს ახლო მოკავშირე.

ამ გადაწყვეტილებამ, ნეთანიაჰუ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გაუთანაბრა, რომელზეც ICC-იმ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის ბრალდებით დაკავების ორდერი გამოსცა.

ხანის განცხადებით, სინვარის, ჰანიესა და ალ-მასრის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მოიცავს „განადგურებას, მკვლელობას, მძევლების აყვანას, გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობას პატიმრობაში“.

ნეთანიაჰუსა და გალანტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები კი -  „განადგურებას, შიმშილის გამოწვევას, როგორც ომის მეთოდს, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხებას, კონფლიქტში მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში განზრახ ამოღებას“.

CNN-ის მიხედვით, ICC-ის მოსამართლეთა კოლეგია დაიწყებს ხანის მოთხოვნის განხილვას დაკავების ორდერებთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები