ირანის პრეზიდენტი: ბირთვულ კვლევებს გავაგრძელებთ
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ თეირანი ბირთვული კვლევების განვითარებას გააგრძელებს.
„ირანი სამოქალაქო ბირთვულ სფეროში კვლევას გააგრძელებს და სხვების მოთხოვნებზე და მოსაზრებებზე არ იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა რაისიმ ირანის ატომური ტექნოლოგიების დღის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე.
რაისი, რომელიც ირანის პრეზიდენტად გასული წლის აგვისტოში აირჩიეს, რადიკალური კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლად ითვლება.
ვენაში დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებში კონსენსუსის მიღწევისთვის აშშ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური რაზმის - ყუდსის ძალების - ტერორისტების სიიდან ამოღებას აპირებს.
2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ატომურ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ.
2018 წელს შეთანხმება აშშ-მ ცალმხრივად დატოვა. პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაცია ხელშეკრულების აღდგენას ცდილობს.
მას შემდეგ ირანმა ურანის დაშვებულ ზღვარზე მეტად გამდიდრება განაგრძო.
ხელშეკრულების გასაახლებლად მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ირანს, რუსეთს და ჩინეთს შორის გასული წლის ნოემბერში დაიწყო.
ვენის მოლაპარაკებებს აშშ-ს დელეგაციაც ესწრებოდა.
ირანის ხელშეკრულების დაბრუნება თეირანს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ექსპორტისთვის გაუხსნის გზას, რამაც ენერგომატარებლების რეკორდულად მაღალი ფასები შესაძლოა შეამციროს.