ახალი ამბები

15:38 | 09 სექტემბერი, 2026 — გერმანია

ტრამპმა AfD-ს საქსონია-ანჰალტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ულტრამემარჯვენე და პრო-რუსულ პარტიას, "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) საქსონია-ანჰალტის პარლამენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ პარტია "აღმავლობის გზაზეა."

ვითარების არსი: "ვაუ, გერმანიის პოპულისტურ პარტიას ნამდვილად წარმატებული ღამე ჰქონდა," - დაწერა ტრამპმა ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, Truth Social-ზე.

  • ამერიკის პრეზიდენტს AfD პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა მისი პოსტიდან ნათლად ჩანს, რომ საუბარი სწორედ ამ პარტიაზეა.
  • ტრამპმა გამოთქვა მოსაზრება, რომ AfD და მისი მხარდამჭერები დაიღალნენ "საემიგრაციო სფეროში არსებული აბსოლუტურად საშინელი წესებით. ისინი აღმავლობის გზაზე არიან და ამას მეტს აღარ მოითმენენ."
  • პოსტის ბოლოს ტრამპმა გამოიყენა აბრევიატურა "MGGA!!!", რაც სავარაუდოდ ნიშნავს "Make Germany Great Again" - "დავუბრუნოთ გერმანიას დიდება." 

სტრიქონებს შორის: არჩევნების ღამეს ტრამპმა Truth Social-ზე საქსონია-ანჰალტის ლანდტაგის არჩევნების წინასწარი შედეგების სქრინშოტიც გამოაქვეყნა.

  • გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბუნდესტაგის ფრაქციის საპარლამენტო მდივანმა, დირკ ვიზემ განაცხადა, რომ ტრამპის მილოცვა "უკიდურეს გაოცებას" იწვევს. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სატარიფო პოლიტიკა მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის გერმანიის ეკონომიკას.
  • "ხოლო AfD მას კალთაში უზის," - აღნიშნა ვიზემ. მან გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს მოუწოდა, ტრამპთან მომდევნო შეხვედრისას ამ საკითხზე პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს.

დიდი სურათი: 6 სექტემბერს, საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პარლამენტის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ულტრამემარჯვენე, პრო-რუსულმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD).

  • ულტრამემარჯვენე პარტიამ ხმების 43.8% მიიღო. ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 35 წლის ულრიხ ზიგმუნდია. AfD-ს თავმჯდომარემ, ტინო ხრუპალამ უკვე განაცხადა, რომ ზიგმუნდი ამ პოსტზე თავის კანდიდატურას დააყენებს.
  • ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, რომლის წევრიც არის მიწის მოქმედი პრემიერ-მინისტრი სვენ შულცე, 17.2% მიიღო - თითქმის ორჯერ ნაკლები, ვიდრე წინა არჩევნებზე.
  • სხვა პარტიების მხარდაჭერა კი ასე გადანაწილდა: ულტრამემარცხენე პარტიამ Die Linke ხმების 8.6% მიიღო, მწვანეებმა - 8.9%, გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ - 9.3%. ბარიერი გადალახა პრო-რუსულმა და პოპულისტურმა "ზარა ვაგენკნეხტის კავშირმა" (BSW) - 5.3%.
  • სწორედ BSW-სთან ერთად შეიძლება სცადოს AfD-მ კოალიციის ან უმცირესობის მთავრობის შექმნა.   

კონტექსტი: 2025 წლის იანვარში ტრამპის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, AfD-ს აშშ-ის ადმინისტრაციასთან მჭირდრო კავშირები აქვს.

  • AfD-ს თანათავმჯდომარემ ალის ვაიდელმა თეთრ სახლში ტრამპის დაბრუნების შემდეგ მას მისაბაძი მაგალითი უწოდა, ხოლო პარტიის წარმომადგენლები ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციას დაესწრნენ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე