17:53 | 24 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი
რუსეთის დუმაში სანქტ-პეტერბურგის ლენინგრადად გადარქმევის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს
რუსეთის კომუნისტური პარტიის (კპრფ) დეპუტატმა ანჟელიკა გლაზკოვამ დუმას გმირ-ქალაქების სტატუსის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.
ვითარების არსი: კანონი ითვალისწინებს ერთი წლის განმავლობაში სანქტ-პეტერბურგის ლენინგრადად, ხოლო ვოლგოგრადის - სტალინგრადად გადარქმევას.
- ბოლოს ვოლგოგრადისთვის სახელწოდება სტალინგრადის დაბრუნების ინიციატივა რუსეთის დუმამ 2015 წელს განიხილა.
- კანონპროექტი "მიზნად ისახავს ოფიციალური სტატუსის მინიჭებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული გმირ-ქალაქებისთვის". - ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.
- კანონი ასევე ითვალისწინებს "იურიდიული მექანიზმის" შექმნას რუსეთის სხვა ქალაქებისთვის, იმ ქალაქების გარდა, რომლებსაც ეს სტატუსი უკვე აქვთ, "გმირ-ქალაქის" წოდების მინიჭების მიზნით.
- კანონპროექტის მეორე მუხლის თანახმად, "გმირ-ქალაქებს უნდა დაუბრუნდეთ იმ სახელწოდებები, რომლებიც ჰქონდათ დიდი სამამულო ომის პერიოდში" და მათი გადარქმევა "დაუშვებელია".
- გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს საბჭოთა კავშირის ლენინის ორდენისა და მედლის "ოქროს ვარსკვლავის" არსებობას გმირ-ქალაქების გერბებსა ან დროშებზე,
- ასევე კანონი ითვალისწინებს ლენინის ორდენისა და მედლის "ოქროს ვარსკვლავის" გამოსახულებიანი ობელისკების დადგმის აუცილებლობას თითოეულ გმირ-ქალაქში.
წინარე ისტორია: 2024 წლის იანვარში რუსეთის კომპარტიის სახელით პრეზიდენტობის კანდიდატმა ნიკოლაი ხარიტონოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: "გადაწყვეტილება სანქტ-პეტერბურგის ლენინგრადად გადარქმევის შესახებ სრულიად რუსეთის რეფერენდუმზე უნდა გაიტანონ, ხოლო ვოლგოგრადს - ქალაქს, სადაც საბოლოოდ გადატყდა ფაშისტური ქვეწარმავლის ხერხემალი, სახელი სტალინგრადი უსიტყვოდ უნდა დაუბრუნდეს".
- 2026 წლის აგვისტოში კპრფ-ის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა სახელმწიფო დუმის არჩევნების წინა დღეს მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ვოლგოგრადს სტალინგრადად არ არქმევენ.
- თუმცა, ამ განცხადებებს სახელმწიფო დუმაში ქალაქების გადარქმევის შესახებ კანონპროექტების შეტანა არ მოჰყოლია. ბოლოს კპრფ მსგავსი ინიციატივით 2015 წელს გამოვიდა, როდესაც პარტიამ სახელმწიფო დუმას ვოლგოგრადის სტალინგრადად გადარქმევის შესახებ დადგენილების პროექტი წარუდგინა. დეპუტატებმა ამ ინიციატივას არ დაუჭირეს მხარი.