15:16 | 23 ოქტომბერი, 2026 — არგენტინა
მილეი: ბრიტანეთზე ზეწოლას გავაგრძელებთ, სანამ ფოლკლენდის კუნძულებს არ დავიბრუნებთ
არგენტინის პრეზიდენტი გამორიცხავს ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულების დასაბრუნებლად ძალისმიერი ნაბიჯების გადადგმას, თუმცა ბრიტანეთზე ზეწოლას მანამ გააგრძელებს, სანამ არქიპელაგზე კონტროლის აღდგენას არ მიაღწევს.
ვითარების არსი: "გაეროს ბოლო სესიაზე პირველად მოუხდათ მათ [ბრიტანეთს] თავად წამოეჭრათ მალვინის კუნძულების თემა. ისინი გრძნობენ ზეწოლას, შეწუხებული არიან და დისკომფორტს განიცდიან. ჩვენ კი გავაგრძელებთ მათთვის ამ დისკომფორტის შექმნას მანამ, სანამ კუნძულებს არ დაგვიბრუნებენ, რადგან ისინი ჩვენია," - განაცხადა მან გამოცემა El Observador-თან ინტერვიუში.
- ამასთან, მილეიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არგენტინა სამხედრო მეთოდებით მოქმედებას არ აპირებს.
- "ჩვენ არ გვჯერა ძალისმიერი გადაწყვეტების, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ყველა კოზირი ჩვენს მხარესაა და კუნძულები ჩვენ უნდა დაგვიბრუნდეს. დღეს არგენტინას, რომლის ეკონომიკური წონაც იზრდება ისეთი პროექტების წყალობით, როგორიცაა, მაგალითად, [ნავთობისა და გაზის საბადო] 'ვაკა მუერტა', ეძლევა შესაძლებლობა გაათამაშოს კარტი, რაც მანამდე არ გვქონდა," - ხაზი გაუსვა არგენტინის პრეზიდენტმა.
- მილეის აზრით, მალვინის კუნძულებთან ნავთობის საბადოების დამუშავებაში ბუენოს-აირესის ნებართვის გარეშე მონაწილეობის გამო სანქციების დაწესების რისკი, უცხოურ კომპანიებს უფრო დიდი ალბათობით დააფრთხობს.
სტრიქონებს შორის: არგენტინის ლიდერს მიაჩნია, ბუენოს-აირესის პოზიციებს ასევე ამყარებს ის ფაქტიც, რომ "ბრიტანეთს ბევრი პრობლემა აქვს: ეკონომიკური, დემოგრაფიული, მიგრაციული."
- 3 სექტემბერს, ერისადმი მიმართვაში, მილეიმ განაცხადა, რომ პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს იმ კომპანიების მიმართ სანქციების გამკაცრების შესახებ, რომლებიც მალვინის კუნძულებთან ნავთობს მოიპოვებენ.
- ამის მიზეზი გახდა ბრიტანული კომპანია Rockhopper Exploration-ისა და ისრაელის Navitas Petroleum-ის მიერ Sea Lion-ის ნავთობის საბადოების ათვისების პროექტის დაწყება.
- მოგვიანებით არგენტინის მთავრობამ სანქციები დაუწესა 60 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც სადავო ტერიტორიაზე ნახშირწყალბადებს მოიპოვებენ.
დიდი სურათი: ფოლკლენდის კუნძულები 2 მსხვილი და თითქმის 800 მცირე კუნძულისგან შედგება, რომელთა საერთო ფართობი 12 ათას კვ. კმ-ზე ოდნავ მეტია, ხოლო მოსახლეობა - დაახლოებით 3.2 ათასი ადამიანი.
- უკვე 200 წელია ეს კუნძულები არგენტინასა და ბრიტანეთს შორის ტერიტორიული დავის საგანია.
- 1982 წლის აპრილში კუნძულებისთვის ქვეყნებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. არგენტინა დამარცხდა და 2.5 თვის განმავლობაში 649 სამხედრო დაკარგა. ბრიტანული მხარის დანაკარგმა 255 ადამიანი შეადგინა.