19:33 | 09 სექტემბერი, 2026 — ევროკავშირი
NYT: უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტის დეფიციტმა ევროპაში მღელვარება გამოიწვია
უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტის დეფიციტმა ევროპაში მღელვარება გამოიწვია - ამბავი მოწმობს, რომ ომის საფასური იზრდება არამხოლოდ რუსეთის ბიუჯეტისთვის, არამედ უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვისაც.
ვითარების არსი: ამის შესახებ საუბარია New York Times-ის მიერ მომზადებულ ვრცელ მასალაში - საუბარია 27 მილიარდი დოლარის მოცულობის დეფიციტზე.
- რიცხვი "მსურველთა კოალიციის" სამიტზე, გასული აგვისტოს მიწურულს საჯაროდ დაასახელა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - უკრაინელი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულმა რიცხვმა ევროპელი ჩინოვნიკები გააკვირვა და მათი შფოთვის საფუძველი გახდა - წერს გაზეთი.
ჩაშლილად: გაზეთთან საუბარში 4 ევროპელი დიპლომატი ამბობს, რომ დეფიციტის ზომა მათთვის მოულოდნელი იყო, მათი თქმით, ზოგიერთი ჩინოვნიკი კერძო საუბრებში სვამს კითხვას - რამდენად ეფექტურად ხარჯავს კიევი გამოყოფილ დაფინანსებას.
- წყაროების ცნობით, ამჟამად ევროპელი ჩინოვნიკები ცდილობენ გაარკვიონ თუ როგორია ბიუჯეტის დეფიციტის მასშტაბი, რამ გამოიწვია ის და თუ როგორ და როდის უნდა მოხდეს მისი შევსება.
- ამ თემაზე საუბარი შედგა უკრაინის პრემიერ-მინისტრ, სერგეი კორეცკისა და ეკონომიკის საკითხებში კომისარ, ვალდის დომბროვსკის შორის.
დიდი სურათი: დეფიციტის წარმომავლობა ამ დრომდე უცნობია - ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში უწყებამ წლის მეორე ნახევრისთვის განკუთვნილი თანხები დახარჯა - ფედოროვი თავის მხრივ დეფიციტის მისი მმართველობის პირობებში წარმოქმნას უარყოფს.
- New York Times-ის ცნობით, დამატებითი მოცულობითი დაფინანსების თხოვნამ შესაძლოა გაართულოს უკრაინის ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან, რომლებმაც კიევის დახმარება შიდა პოლიტიკურ საკითხებთან უნდა დააბალანსონ.
- დეფიციტის შევსების ყველაზე მარტივი გზა მასალის ავტორების ცნობით, კიევისთვის უკვე გამოყოფილი 100 მილიარდი დოლარის დაფინანსების გადაცემის დაჩქარებაა, თუმცა ამასთან დაკავშირებით თანხმობა ევროკავშირის დედაქალაქებს შორის ჯერ არ არსებობს.
- სპეციალისტების ცნობით, მზარდი დეფიციტი იმის დასტურია, რომ ომის წარმოების საფასური წლიდან წლამდე იზრდება.
კონტექსტი: ომის ხარჯები იზრდება რუსეთისთვისაც, სადაც ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაფინანსებამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მთელი ფედერალური ბიუჯეტის 44% შეადგინა.
- ამ ფონზე იზრდება რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტიც, რომელმაც აგვისტოში უკვე მიაღწია 5.7 ტრილიონ რუბლს, რაც უკვე 53%-ით აღემატება წლიურ პროგნოზს.