ისრაელი არაბული მოსახლეობის დასახმარებლად მილიარდობით დოლარს დახარჯავს

 

ისრაელის მთავრობა დაეთანხმა გეგმას, რომლის მიხედვითაც ეთნიკურად არაბული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად მილიარდობით დოლარი დაიხარჯება.

ხუთწლიანი სამთავრობო გეგმა რამდენიმე სექტორს მოიცავს, მათ შორის, განათლებას, უმუშევრობის დაძლევას და კრიმინალთან ბრძოლას.

ხელისუფლება არაბულ სექტორში დასაქმების შესაძლებლობის განვითარებაზე, საავადმყოფოების რეაბილიტაციაზე და ინფრასტრუქტურის აღდგენაზე 9.4 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს.

ისრაელის არაბულ დასახლებებში, კონკრეტულად კრიმინალთან ბრძოლაზე, 1 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. 2021 წლის 1 იანვრიდან დღემდე ისრაელში 100-ზე მეტი არაბი მოკლეს მათივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა.

არაბები ისრაელის 9.3 მილიონი მოქალაქის მეხუთედი არიან.

ხელისუფლების გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასა სამთავრობო კოალიციის ერთადერთი არაბული პარტიის, "რაამის" ლიდერმა მანსურ აბასმა. თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის საკმარისი არაბულ და ებრაულ სექტორებს შორის არსებული უთანასწორობის დასამარცხებლად.

ისრაელში მცხოვრები არაბები თვლიან, რომ ებრაულ დასახლებებთან შედარებით ისინი უფრო ნაკლებ საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ.

"სახელმწიფო თავის როლს ითამაშებს, მაგრამ არაბულმა საზოგადოებამაც უნდა იმოქმედოს - თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა - ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ."

სამთავრობო გეგმა 2022 წლის ბიუჯეტის ნაწილი იქნება. ისრაელის პარლამენტმა ბიუჯეტი 14 ნოემბრამდე უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

 

მსგავსი სიახლეები