ისრაელის არმია: ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია
ისრაელის არმიაში დაადასტურეს, რომ ბეირუთზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ჰეზბოლას სხვა ლიდერებთან ერთად ლიკვიდირებულია ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ჰასან ნასრალა.
"დარტყმა განხორციელდა იმ მომენტში, როდესაც ჰეზბოლას ლიდერები ორგანიზაციის სათავო ოფისში იმყოფებოდნენ. დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ორგანიზაციის შეიარაღებული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, ალი კარაკიც"- განაცხადა პრესკონფერენციაზე ისრაელის არმიის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.
კონტექსტი
ბეირუთის სამხრეთში მდებარე ჰეზბოლას სათავო ოფისში ისრაელის ავიაციამ მასირებული დარტყმა გუშინ, 27 სექტემბერს მიიტანა.
ეს 2006 წლის ომის შემდეგ ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა იყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მოკლულია 2 და დაჭრილია 76 ადამიანი. ჯამურად კი გასული 11 დღის განმავლობაში ლიბან-ისრაელის საზღვარზე ჰეზბოლასა და IDF-ს შორის საომარი მოქმედებების გამწვავებას ლიბანში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
დარტმის შემდეგ ჰეზბოლას მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნარსალას შესახებ არაფერი იყო ნათქვამი, თუმცა დასავლური მედიები ორგანიზაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ ნასრალასთან კონტაქტი დაკარგულია.
Axios-ის ცნობით, ისრაელმა მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე გააფრთხილა აშშ და ოპერაციის მომზადებაში ვაშინგტონი არ მონაწილეობდა. დარტყმის შემდეგ სატელეფონო საუბარი შედგა თავდაცვის მინისტრებს შორის.
წყაროების ცნობით, ნასრალას ლიკვიდაციის შესახებ პირველად ისრაელის უმაღლესი თანამდებობის პირებმა პირველად 25 სექტემბერს იმსჯელეს. სხდომის შედეგად გადაწყდა, რომ ისრაელის ავიაცია ოპერაციულ შესაძლებლობას დაელოდებოდა, რომელიც 27 სექტემბერს დადგა.
Axios-ის წყაროს ცნობით, ისრაელის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ნასრალა ამ დროისთვის დე-ესკალაციის გზაზე მთავარ დაბრკოლებას ქმნის, რადგანაც უარს ამბობს ღაზაში მიმდინარე დაპირსიპირებისგან გათიშვაზე.
დარტყმას წინ უძღვოდა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ყველაზე მასშტაბური საომარი მოქმედებები 2006 წლის ომის შემდეგ. გასულ დღეებში საფრანგეთმა მხარეებს დე-ესკალაციის საკუთარი გეგმა გააცნო. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კი ისრაელს მოუწოდა არ წამოიწყოს სახმელეთო ოპერაცია ლიბანში.
ამის ფონზე ისრაელის არმიის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ლიბანში სამხელეთო ოპერაციის გეგმა უკვე მიღებულია და სამხედრო შენაერთები მისიის შესასრულებლად მზად არიან.
24 სექტემბერს დასავლური მედია წერდა, რომ ისრაელზე პირადაპირი შეტევის ორგანიზების თხოვნაზე ირანმა ჰეზბოლას უარით უპასუხა.
ლიბანის სამხრეთში ჰეზბოლას პოზიციებზე ისრაელის საავიაციო დარტყმებს ჰეზბოლას წევრების გარდა, მშვიდობიანი მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ. გაიზარდა ევაკუაციის ზონაც ისრაელის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან.
გასულ კვირას საკომუნიკაციო მოწყობილობების სინქრონიზებული აფეთქებების შედეგად ჰეზბოლამ მძიმე დანაკარგები განიცადა. გარდა ამისა, ცალკეული საჰაერო დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია დაჯგუფების გავლენიანი მეთაურები, მათ შორის, სარაკეტო ძალების უფროსი.
ჰასან ნასრალა ჰეზბოლას რიგით მესამე გენერალური მდივანი იყო - მისი ლიდერობის დროს დაჯგუფების გავლენა და რესურსები ირანის დახმარებით მკვეთრად გაიზარდა, ამ პერიოდში ჰებზოლა სამხედრო დაჯგუფების გარდა ლიბანში საკვანძო პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.