ისრაელის შტაბის უფროსი: ღაზას გვირაბების ზღვის წყლით დატბორვა კარგი იდეაა
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ კომენტარი გააკეთა ცნობებზე, რომ ისრაელი ჰამასის გვირაბის ქსელის დატბორვას გეგმავს და თქვა: "ეს კარგი იდეაა."
"ჩვენ ვხედავთ უამრავ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ღაზაში, ვიცოდით, რომ ბევრი იქნებოდა. ჩვენი მიზნის ნაწილია ამ ინფრასტრუქტურის განადგურება," - აღნიშნა ჰალევიმ The Wall Street Journal-ის კითხვის პასუხად.
"ჩვენ გვაქვს სხვადასხვა გზა [გვირაბებთან გამკლავებისთვის], მე არ ვისაუბრებ კონკრეტულზე, მაგრამ მათში შედის ასაფეთქებელი ნივთიერებები, რათა გაანადგურონ და სხვა საშუალებები, რათა არ დაუშვან ჰამასის ტერორისტების მიერ გვირაბების გამოყენება ჩვენი ჯარისკაცების დასაზიანებლად," - თქვა მან.
"ამიტომ, ნებისმიერი საშუალება, რომელიც გვაძლევს უპირატესობას მტერზე, რომელიც [გვირაბებს იყენებს], ართმევს მას ამ აქტივს, არის საშუალება, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ. ეს კარგი იდეაა, მაგრამ მის სპეციფიკაზე კომენტარს არ გავაკეთებ," - დასძინა ჰალევიმ.
სახმელეთო შეტევის ფონზე ღაზას სექტორში დახმარების შესვლასთან დაკავშირებით გენერალმა თქვა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები "დიდ ძალისხმევას" წევენ, რათა უზრუნველყონ, რომ ბრძოლა წარიმართოს მხოლოდ ჰამასთან და არ დააზარალონ პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობა.
"ჩვენი მტერი არის ჰამასი და არა მოსახლეობა ღაზას სექტორში და, შესაბამისად, არსებობს ჰუმანიტარული დახმარება საწვავის ჩათვლით, რომელიც საშუალებას აძლევს საავადმყოფოებს, წყლის ტუმბოებს, გამწმენდ მოწყობილობებს, თავიდან აიცილონ დაავადებები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს," - აღნიშნა მან.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ტერორისტული დაჯგუფის უზარმაზარი მიწისქვეშა ქსელის ხმელთაშუა ზღვიდან წყლის გადატუმბვით განადგურების იმედი აქვთ.
გავრცელებული ინფორმაციით, IDF-მა ააწყო სულ მცირე ხუთი ტუმბო, რომელსაც ყოველ საათში ასობით ათასი ლიტრი წყლის მიწისქვეშეთში გაგზავნა შეუძლიათ.