"კადაფის დაბრუნება" – მოკლული დიქტატორის შვილი პოლიტიკაში მოდის
ლიბიელი დემონსტრანტების მიერ დამხობილი და მოკლული მუამარ კადაფის შვილმა 6-წლიანი დუმილი დაარღვია და New York Times თავისი გეგმების შესახებ ესაუბრა.
გამოცემის ჟურნალისტმა მოახერხა საიფ ალ ისლამის ადგილმდებარეობის დადგენა და მასთან გასაუბრება. როგორც აღმოჩნდა, მუამარ კადაფის ვაჟი ქალაქ ზინთანის შემოგარენში ცხოვრობს.
საიფ ალ ისლამი ლიბიურ რევოლუციას სასწაულებრივად გადაურჩა - 10 წლის წინ, რევოლუციის მიჯნაზე მის კორტეჟს ჩასაფრება მოუწყეს და მუამარ კადაფის ვაჟი, რომელიც თავიდანვე მტკიცედ უჭერდა მხარს მამას ერთ-ერთი გასამხედროებული დაჯგუფების ტყვეობაში აღმოჩნდა.
10 წლის შემდეგ, ლიბიური რევოლუციით იმედგაცრუებულებმა - საიფ კადაფის გამტაცებლებმა მძევალი თავის მოკავშირედ აქციეს.
"წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებმაც გამიტაცეს, დღეს ჩემი მეგობრები არიან",- ამბობს კადაფი.
კადაფის დაბრუნება
მიმდინარე წლის დეკემბერში ლიბიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ პირველი არჩევნები უნდა გაიმართოს.
უკვე მრავალი წელია ლიბიაში ერთმანეთს გაეროს მიერ აღიარებული და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული ერთობის მთავრობა და რუსეთის ფავორიტი სამხედრო ლიდერი, ხალიფა ჰაფტარი ებრძვიან.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არჩევნების თარიღმა რამდენიმეჯერ გადაიწია.
2018 წელს საიფ კადაფიმ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, თუმცა ბოლო ინტერვიუში მან ღია ტექსტით არ დადასტურა, რომ დეკემბრის არჩევნებში ჩაერთვება.
დიქტატორის ვაჟი დარწმუნებულია რომ მას შეუძლია ქვეყნის და ხალხის გაერთიანება. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც ლიბიაში სულ უფრო იზრდება ნოსტალგია მუამარ კადაფის მმართველობის სტაბილურ პერიოდზე. არაერთი ლიბიელის მსგავსად, საიფ კადაფი არაბულ გაზაფხულს შეცდომად მიიჩნევს.
"მათ ქვეყანა გააუპატიურეს, ლიბია მუხლებზეა დაჩოქილი - არ გვაქვს ფული, არ გვაქვს სიმშვიდე, არ გვაქვს სიცოცხლე",- ამგვარად აფასებს უმცროსი კადაფი 2011 წლის რევოლუციას.
საიფ კადაფის პოლიტიკურ პერსპექტივებს ლიბიაში სერიოზულად აღიქვამენ - მისი მომხრეები სამოქალაქო ომის წინა ფაზის დასრულების შემდეგ, სამთავრობო კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართულები. ჯერჯერობით კადაფის მომხრეებმა წარმატებით დაძლიეს ყველა ბარიერი, რომელიც მათ ფავორიტს არჩევნებში მონაწილეობაში ხელს შეუშლიდა.
კადაფის პასუხებიდან სავარაუდოა, რომ ის მაღალი ალბათობით იბრძოლებს ლიბიის პრეზიდენტის პოსტისთვის. ამავდროულად გამოცემასთან საუბარში საიფ კადაფიმ უარი თქვა ანფასში გადაღებულ ფოტოებზე და მხოლოდ პროფილში გადაღებულ ფოტოებს დათანხმდა.
კითხვაზე თუ რატომ არ სურდა ანფასში ფოტოს გადაღება საიფ კადაფი პასუხობს:
"10 წელია, რაც ლიბიელ ხალხთან არ ვყოფილვარ. დაბრუნებისას არ უნდა იჩქარო. იგივე პრინციპია, რაც სტრიპტიზში - საჭიროა მათ [ხალხს] ცოტა ხანი ეთამაშო.
ამავდროულად სავარაუდოა, რომ საიფ კადაფის კანდიდატურა მისაღები იქნება არაერთი რეგიონალური აქტორისთვის, რომლებიც ლიბიაში თავისი ინტერესების გატარებას ცდილობენ.
ერთი შეხედვით კარგი სასტარტო პირობების მიუხედავად არის დაბრკოლებებიც - უმცროსი კადაფის საპრეზინდეტო გეგმები შესაძლოა ჰააგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შეაფერხოს, რომელიც მის გასამართლებას კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის აპირებს.
შესაძლოა ხელის შემშლელ ფაქტორად იქცეს ისიც, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს ლიბიის სასამართლომ საიფ კადაფის დახვრეტა მიუსაჯა.
"მეოცნებე საიფი"
ლიბიის რევოლუციის დაწყებამდე დასავლეთში საიფ კადაფი ქვეყნის ლიბერალიზაციისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად იდეალურ კანდიდატად მიიჩნეოდა. უმცროსი კადაფი წლების განმავლობაში ცხოვრობდა დასავლეთში, მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც, მას ახლო კავშირი ჰქონდა პროგრესულ პოლიტოლოგებთან და ღიად ამბობდა, რომ ლიბიას დემოკრატიული რეფორმები ესაჭიროებოდა.
ამის მიუხედავად, საიფ კადაფის მამისგან მემკვიდროებით ფუფუნების და ეგზოტიკის სიყვარული ერგო. წლების განმავლობაში საიფ ისლამის თავის მოგზაურობებში თან დაჰყავდა თეთრი ვეფხვები, რომლებიც შინაურ ცხოველებად ჰყავდა. სწორედ ამგვარი ხასიათის და ლიბერალური იდეების შერწყმამ განაპირობა, რომ მუამარ კადაფის გარემოცვაში მის ვაჟს მეოცნებე საიფად მოიხსენიებდნენ.
ამგვარი წარსულის მიუხედავად, ლიბიაში სამოქალაქო მღელვარების დაწყებისთანავე საიფ კადაფიმ მამას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.
ერთ-ერთ აქციაზე თავის სიტყვაში საიფ კადაფიმ განაცხადა, რომ რევოლუცია დაანგრევდა ქვეყანას და დიდ სისხილსღვრას გამოიწვევდა. ბედის ირონიაა, რომ ბევრი ლიბიელი დღეს ფიქრობს, რომ საიფ კადაფის კისერზე გაცილებით უფრო ნაკლები სისხლია, ვიდრე ბევრი აჯანყებულის.
დღეს დიქტატორის შვილი სრულად იზიარებს მამის იდეებს და საერთოდ არ აკრიტიკებს მის მმართველობას.
მამის მიერ დაწერილ მწვანე წიგნზე, [მუამარ კადაფის პოლიტიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი] დასმულ კითხვაზე საუბრისას საიფ ისლამი ამბობს, რომ "მამის ნაშრომი დღემდე აქტუალურია და ყველა თანამედროვე დასავლური იდეა საწყისს სწორედ მამამისის წიგნიდან იღებს სათავეს".
ამის მიუხედავად თავის ფავორიტ წიგნებზე საუბრისას უმცროს კადაფის მამის ნაშრომი არ გახსენებია და საყვარელ ავტორად რობერტ გრინი დაასახელა.
რობერტ გრინი ამერიკელი მწერალი და სამოტივაციო ბესტსელერების ავტორია, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავებს შორის სარგებლობს.