კამერონი უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ში ვიზიტის დროს ტრამპს შეხვდება
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი შეერთებულ შტატებში ვიზიტისას რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს და კონგრესის წევრებს შეხვდება.
ამის შესახებ Reuters წერს.
ბლინკენთან შეხვედრამდე კამერონი ფლორიდაში ტრამპს შეხვდება. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის წარმომადგენელ კანდიდატთან შეხვედრას "სტანდარტული პრაქტიკა" უწოდა.
სამინისტროს განცხადებით, კამერონი შეხვდება კონგრესის ლიდერებს როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიებიდან.
"ვიზიტის დროს კამერონი ხაზს გაუსვამს რუსეთის ფედერაციაზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის მნიშვნელობას და უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის, რომელიც აუცილებელია წელს ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად და 2025 წელს შეტევაზე გადასასვლელად," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თავის განცხადებაში კამერონმა აღნიშნა, რომ უკრაინის წარმატება და ვლადიმერ პუტინის დამარცხება "სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამერიკისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის."
სამინისტრომ განაცხადა, რომ ვიზიტის დროს, კამერონი განიხილავს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საზღვაო მარშრუტებს და ასევე დაჟინებით მოითხოვს სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას შვიდი ჰუმანიტარული დახმარების მუშაკის, მათ შორის სამი ბრიტანელის, "აბსოლუტურად მიუღებელი" გარდაცვალების შესახებ.