კარა-მურზა: ზუსტად ვიცი, რომ რუსეთში დავბრუნდებით
რუსეთის კოლონიებიდან გათავისუფლებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვლადიმერ კარა-მურზა, ილია იაშინი და ანდრეი პივოვაროვი პარასკევს, 2 აგვისტოს, ბონში, Deutsche Welle-ს რედაქციაში ჟურნალისტებს შეხვდნენ. .
ვლადიმერ კარა-მურზამ გაიხსენა ფრაზა თალმუდიდან: "ვინც გადაარჩენს ერთ სიცოცხლეს, გადაარჩენს მთელ სამყაროს." მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს, ბელორუსსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად, ციხეებში მყოფი 16 ადამიანის სიცოცხლე გადარჩა.
კარა-მურზამ გაიხსენა ФСБ-ს ოფიცრის ფრაზა, რომელიც გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს თან ახლდა რუსეთიდან თურქეთში მიმავალ თვითმფრინავში: "აჰა, შეხედე, შენს სამშობლოს ბოლოჯერ ხედავ."
"მე ვუთხარი მას: მე ვარ ისტორიკოსი, მე არამარტო მჯერა და ვფიქრობ, ზუსტად ვიცი, რომ მე და ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით რუსეთში და აუცილებლად დადგება დღე, როცა რუსეთი გახდება თავისუფალი, ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული ქვეყანა, აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება, რომ დადგება ეს დღე," - განაცხადა კარა-მურზამ.
ილია იაშინმა განაცხადა, რომ ციხეში ყოფნის პირველივე დღიდან ითხოვდა, რომ არ სურდა გაცვლის სიებში მოხვედრა. იაშინის თქმით, ის ბოლო დღემდე იბრძოდა რუსეთში დარჩენის უფლებისთვის. გაცვლამდე რამდენიმე დღით ადრე მის საკანში მივიდნენ ოფიცრები და მოითხოვდნენ, რომ ხელი მოეწერა შეწყალების პეტიციაზე, მაგრამ "მე აბსოლუტურად მკაფიოდ და ცალსახად ვთქვი, რომ არასდროს ვითხოვ პატიებას იმ ადამიანისგან, რომელსაც მე მკვლელად და ტირანად ვთვლი."
იაშინმა ჟურნალისტებს წაუკითხა მისი განცხადება რუსეთის ფედერაციაში დარჩენის მოთხოვნით, რომელიც მან გაცვლის წინ დაწერა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნიდან მის გაძევებას უკანონოდ მიიჩნევს.
ერთი დღით ადრე, კარა-მურზა, იაშინი და პივოვაროვი გაათავისუფლეს რუსეთს, ბელორუსსა და დასავლეთს შორის ტყვეთა დიდი გაცვლის ფარგლებში.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პატიმრების გაცვლის გამო შვებულება შეწყვიტა და სამთავრობო თვითმფრინავით კიოლნის აეროპორტში გაემგზავრა. მან პირობა დადო, რომ გერმანიის მთავრობა გააგრძელებს ბრძოლას რუსეთისა და ბელორუსის ციხეებიდან ყველა პოლიტპატიმრის გასათავისუფლებლად.